ეს ამბავი მერაბის მამამ, საკალათბურთო აგენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა გვამცნო.
- "აველინოსთან" სამწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. პირობები ნორმალურია. მერაბი პირველ გუნდთან ივარჯიშებს და აველინოელ 20-წლამდელებში ითამაშებს. თუმცა დაგვპირდნენ, რომ დიდ გუნდშიც მოუწევს თამაში.
მერაბი 1992 წელსაა დაბადებული და გასულ სეზონში "აკადემიას" ღირსებას იცავდა. მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად.
- იტალიელებმა გასულ სეზონში ჩემი გამოსვლის ამსახველი ფრაგმენტები ნახეს და მას მერე დაინტერესდნენ.
მერაბ ბოქოლიშვილმა აგვისტოს დასაწყისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა, თუმცა ტრავმის გამო გუნდს სათანადოდ ვერ დაეხმარა. მეორე მატჩში, ავსტრიასთან მეტოქესთან შეჯახების შემდეგ წელი იტკინა, რის გამოც მომდევნო ხუთ მატჩში მხოლოდ 7 წუთი ითამაშა.
- ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმა მოვიშუშე და იტალიისთვის ვემზადები. ჯერ მოწვევას ველი და ვფიქრობ, გუნდს სექტემბრის დასაწყისში შევუერთდები. სწორედ მაშინ, როცა ლეგიონერები სანაკრებო თამაშებს დაასრულებენ და კლუბში დაბრუნდებიან, - გვითხრა მერაბმა. ბატონმა ზურამ კი დასძინა:
- "აველინო" ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. "შარლოტიდან" ჯონსონი ჩამოიყვანა. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების სამი მეტოქე თამაშობს: ბელგიელი დიმიტრი ლაუერსი და პოლონელები - შიმონ შევჩიკი და ფილიპ დილევიჩი.
ზურაბ ბოქოლიშვილმა შეგვახსენა, რომ მერაბს უცხოური კლუბები შარშანაც იწვევდნენ, მაგრამ არ აჩქარდა, გასული სეზონი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაატარა:
- საქართველოში ერთი წლით დარჩენა სწორი ნაბიჯი იყო. მერაბმა სუპერლიგაში თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო. ასევე საკმარისად დაიტვირთა ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ჩემპიონატებში.