იტალიაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" ნიკა მეტრეველის "დინამო სასარის" უმასპინძლა და 71:58 დაამარცხა.

შერმადინს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი გუნდს კვირას უნდა შეერთებოდა. რაც შეეხებათ მარკოიშვილსა და მეტრეველს, ორივე მათგანმა ითამაშა. მანუჩარი მოედანზე 12 წუთით გავიდა და 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მეტრეველი უფრო შედეგიანად გაისარჯა. მან დინამოელებს 18 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ნიკამ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო.

მატჩი საინტერესო გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ
ანგარიში საყაიმო იყო. საერთოდ, ოთხიდან სამი მეოთხედი ფრედ დასრულდა. კანტუელებმა მხოლოდ მესამე პერიოდში იმარჯვეს (22:9) და ამის შედეგად მოიგეს კიდეც.

წაგება იგემა ვიქტორ სანიკიძის "ვირტუს ბოლონიამ", რომელიც სტუმრად "აველინოს" ეთამაშებოდა. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ მასპინძლეთა გამარჯვებით - 96:90 დასრულდა. ბოლონიელები ბოლო მეოთხედის წინ ქულით იგებდნენ, მაგრამ საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად ძალა აღარ ეყოთ.

სანიკიძე ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ვიქტორმა 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო. შესაბამისად, მის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა, რასაც ქართველმა ფორვარდმა 8 მოხსნა და 4 პასი მოაყოლა. სამწუხაროდ, სანიკიძეს საკმაოდ ბევრი - 6 დაკარგვა ჰქონდა.

ბოლონიელთა შორის 25 წუთში 23 ქულა მოაგროვა ამერიკელმა დაგლას რობერტსმა, ხოლო გამარჯვებულებს მარკუს გრინმა ულიდერა 26 ქულითა და 6 პასით.

მეორე ტურის შემდეგ "კანტუს" 2 გამარჯვება აქვს, "დინამოსა" და "ვირტუსს" თითო მოგებ-წაგებები.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული