თორნიკე შენგელია: სტაბილურად ვთამაშობ და ნელ-ნელა ვუმატებ კიდეც

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთაგან თორნიკე შენგელია ერთ-ერთია, რომელიც მიმდინარე სეზონში უმაღლეს დონეზე თამაშობს.

20 წლის ფორვარდი ბელგიურ "შარლერუას" წევრია და ამ გუნდის წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი გარანტია. შენგელიას გუნდს საკმაოდ ძლიერ ბელგიურ ჩემპიონატსა და ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ ევროლიგაში უწევს თამაში და ორივე ფრონტზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. "შარლერუამ" ევროლიგის გასულ ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა თურქეთში და ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ თორნიკე შენგელია გახდა. ამ წარმატებასა და სხვა დეტალებზე შენგელია ჩვენს ვებ-გვერდს ბელგიიდან ტელეფონით ესაუბრება.

- "შარლერუამ" ევროლიგის გასულ ტურში სტამბოლში "ეფესი"
დაამარცხა. ეს იყო ამ ტურნირის ყველაზე დიდი მოულოდნელობა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ შედეგს ბელგიაში?
- ჩვენი და "შარლერუას" ქომაგების გარდა არავინ ელოდა, რომ "ეფესს" მისსავე მოედანზე დავამარცხებდით. საოცარი მატჩი იყო. ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ერთად დგომით და ბრძოლით უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მივაღწიეთ. ბელგიური საკლუბო კალათბურთისთვის ეს იყო ისტორიული გამარჯვება. არც ევროლიგაში და არც ნებისმიერ უმაღლესი დონის ტურნირში ბელგიურ გუნდს თურქეთში არ გაუმარჯვია. ამ წარმატებით "შარლერუამ" თავისი სიტყვა თქვა და ეს როგორც თითოეული კალათბურთელისთვის, ისე მთელი ბელგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- და ამ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი შენ გახდი.
- არა, ყველამ საუკეთესოდ ითამაშა. გამარჯვებისთვის თითოეულმა კალათბურთელმა მაქსიმუმი გავიღეთ.

- ეგ თავისთავად, თუმცა სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი შენ გქონდა. "შარლერუაში" ამ სეზონიდან თამაშობ და რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
- დასაწყისისთვის ცუდი არაა. სტაბილურად ვთამაშობ და ნელ-ნელა ვუმატებ კიდეც.

- მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში სასტარტო ხუთეულში იყავი. ესე რომ იქნებოდა, თავიდანვე იყო გარკვეული?
- არა, ჩემპიონატის დაწყებამდე არ ვიცოდი,რომ ხუთეულში სისტემატიურად ვითამაშებდი. ეს ასე ვთქვათ გზადაგზა გაირკვა. რაკი მწვრთნელი აგრძელებს ჩემს სასტარტოში დაყენებას, ესე იგი მენდობა. ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს და ვცდილობ იმედები არც ერთ ეპიზოდში არ გავაცრუო.

- ნდობას ამართლებ, თუმცა საინტერესოა, როგორი თვალით უყურებ საკუთარ თამაშს - რითი ხარ კმაყოფილი და რაში გჭირდება მომატება?
- არ ვთვლი, რომ რომელიმე კომპონენტში სრულყოფილად ვთამაშობ. ეს არაპროფესიონალური მიდგომაა, მით უმეტეს ჩემს ასაკში, როცა სასწავლი და დასახვეწი ჯერაც ბევრია. საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ და ყველა სათამაშო კომპონენტში ერთნაირი მოწადინებით ვვარჯიშობ.

- დიდი ხანი არაა, რაც "შარლერუაში" თამაშობ. თანაგუნდელებს როგორ შეეწყვე?
- "შარლერუა" საერთოდ გამოირჩევა მეგობრულობით და ერთიანობით. შემადგენლობის თითქმის ნახევარი გუნდში უკვე 3-4 წელია თამაშობს და ერთმანეთთან ძალიან დაახლოებულებიც არიან. ეს გუნდი ბელგიაში ამ მხრივ სამაგალითოა და მე, ისევე როგორც სხვა ახალწვეულები, ძალიან თბილად მიმიღეს.

- რა მიზანი დაგისახათ გუნდის ხელმძღვანელობამ ამ სეზონში?
- ევროლიგაში ჯგუფიდან გასვლა, ბელგიის ჩემპიონატში კი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება.

- შიდაჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილებს "ოკაპისთან" იყოფთ, რომელთანაც ამას წინათ შინ წააგეთ.
- ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ არც ბელგიის ჩემპიონატია ხელწამოსაკრავი. მწვრთნელმა "ოკაპისთან" წაგებული მატჩის შემდეგ გვითხრა, რომ არც ერთ მეტოქესთან მოდუნება არ შეიძლება - ყველა გუნდს პატივი უნდა სცე და ბრძოლაში ბოლომდე უნდა დაიხარჯოო.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გკითხავ. მართალია, საკმაო დრო გავიდა, თუმცა საინტერესოა, ამ გადმოსახედიდან როგორ აფასებ ნაჩვენებ შედეგს.
- ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთელს ქართულ სპორტულ ცხოვრებაში. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლა ძალიან სერიოზული შედეგია და მით უმეტეს, დებიუტანტი გუნდისთვის. სულ რაღაც 2 წლის წინ B დივიზიონში ვიყავით და ელიტაში ანაცვლებაზე ვფიქრობდით, ახლა კი კონტინენტის საუკეთესო 12 გუნდში მოვხვდით. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტსაც მივაღწევდით, ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე მეორე ეტაპზე მწყობრში რომ ყოფილიყვნენ.

- საკუთარი თამაშით თუ ხარ კმაყოფილი?
- კმაყოფილი ვარ იმ გამოცდილების მიღებით, რაც ევროპის ჩემპიონატზე ჩემი თანაგუნდელების მხარდამხარ და მეტოქეების წინააღმდეგ თამაშით მივიღე.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული