ბომბა, რეკორდი, MVP - როცა ქართველებით იტალიელები ამაყობენ

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში მოკლედ გითხარით, როგორ ჩააგდო სამმა ქართველმა ევროლიგის მესამე ტურში 44 ქულა. მატჩები გვიან დასრულდა და მხოლოდ მშრალი სტატისტიკით შემოვიფარგლეთ.

დღეს ცოტას განვავრცობთ, მითუმეტეს, რომ ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

კანტუ-ბილბაო 78:69
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 27 წუთი, 12 ქულა (7/2 ორქულიანი, 3/2 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 3 პასი, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
გიორგი შერმადინი (კანტუ): 23 წუთი, 16 ქულა (9/8 ორქულიანი, 1/0 საჯარიმო), 6 მოხსნა (4 შეტევაში), 1 დაფარება.

- "კანტუმ" წლევანდელ ევროლიგაზე საუკეთესო თამაში ჩაატარა. კარგად შევაჩერეთ მეტოქის მთავარი
მექულეები ბლუმსი და ვასილიადისი. ორივე გუნდმა ჯამში 37 პასი შეასრულა, რაც თამაშის მაღალ ხარისხზე მიუთითებს, - თქვა "კანტუს" დამრიგებელმა ანდრეა ტრინჩიერიმ, რომლის გუნდმაც "ბილბაოს" 78:69 სძლია.

"E' la bomba di Manu"... ასე იწყება გამოცემა "ბასკეტნეტში" გამოქვეყნებული მიმოხილვის ბოლო აბზაცი. მოკლედ, მანუჩარ მარკოიშვილმა ჯერ 36-ე წუთზე ჩააგდო სამქულიანი და თანაგუნდელთა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა (69:61), შემდეგ სირენამდე 2 წუთით ადრე მეორე სამიანით ბასკების იმედები დაასამარა - 76:67.

* * *
ბოლო წუთებზე ესპანელები მთავარი კოზირის, პერიმეტრიდან ტყორცნების ხარჯზე ცდილობდნენ დაწევას, ალბათ ამიტომ, იტალიელთა მწვრთნელმა მოედანზე შერმადინი აღარ გამოიყვანა. თუმცა ამას გიორგისთვის ხელი არ შეუშლია მატჩის MVP-ად აღიარებაში.

აი, რას "აბრალებენ" გაზეთ "ბასკეტინსაიდში" 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს:

"კანტუელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ფარქვეშ დამაჯერებელმა თამაშმა, რაც მატჩის საუკეთესო კალათბურთელის გიორგი შერმადინის დამსახურებაა. მან თამაშის სცენარი "კანტუს" სასარგებლოდ შეცვალა - 16 ქულა ჩააგდო, 6-ჯერ მოხსნა და მარგი ქმედების
კოეფიციენტით გუნდში პირველი იყო - 21. გიორგიმ 9 ორქულიანიდან 8 გამოიყენა, 5-ჯერ ჩატენა."

აქვე გეტყვით, რომ 16 ქულა შერმადინის საევროლიგო რეკორდია. მან ამა წლის 2 მარტს "მაქაბისთან" ნაჩვენები შედეგი ერთით გააუმჯობესა.

გამოცემა "ბეტერსპორტში" ქართველი მეფარის გასწვრივ სიტყვა "ვარსკვლავია" გამოყენებული, ხოლო ევროლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მიმოხილვა ასე იწყება:

"კანტუელებმა შინ "ბილბაო" დაამარცხეს და ჯგუფში მეორე ადგილზე აინაცვლეს. შეხვერის გმირი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც მასპინძელთაგან ყველაზე მეტი ჩააგდო".

როგორც წესი, მიმოხილვებს გულშემატკივართა კომენტარები ერთვის. ერთ-ერთის მოსაზრება ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს: "საოცარია, მაგრამ ფაქტია - "პანათინაიკოსში" მწვრთნელი მხოლოდ 5 წუთით ათამაშებდა, არადა "ბილბაოსთან" დავინახეთ რა შეუძლია შერმადინს."

* * *
გულშემატკივართა კომენტარზე უფრო ღირებული იტალიელი ჟურნალისტის მოსაზრებაა. კომოელი კარლო პეროტი "ფეისბუქზე" ორიოდე კვირის წინ დამიმეგობრდა. გუშინ, "ონლაინში" რომ დამინახა მომწერა:

- გიორგიმ და მანუმ შესანიშნავად ითამაშეს. ვამაყობთ ჩვენი ქართველებით. ტოპ-16-ის გზაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.

იტალიელს მწვრთნელი შევუქე - ანდრეა ტრინჩიერიმ კარგად იცის, ვინ როდის სჭირდება-მეთქი. მიპასუხა:

- სეზონის დასაწყისში "კანტუში" ცენტრად პარახუსკი აიყვანეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრინჩიერიმ გაიგო, შერმადინი "პანათინაიკოსში" აღარ დარჩებოდა, ბევრი იმუშავა, რათა იგი დაემატებინა. ამ საქმეს პარახუსკიც შესწირა.

* * *
როგორც უკვე გითხარით, "კანტუ" ცხრილში მეორე ადგილზეა. მას 2 მოგება და 1 წაგება აქვს. პირველია ესპანური "კახა ლაბორალი" (3 გამარჯვება). მესამე-მეექვსე ადგილებს იყოფენ "ნანსი", "ფენერბაჰჩე", "ბილბაო" და "ოლიმპიაკოსი". მათ თითო მოგება უწერიათ.

პარტიზანი-შარლერუა 91:81
თორნიკე შენგელია (შარლერუა): 21 წუთი, 16 ქულა (8/6 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 1/1 საჯარიმო), 3 მოხსნა.

81:91 - ეს ანგარიში ქართველ გულშემატკივარს სასიამოვნოდ ნამდვილად არ უნდა ახსოვდეს: 2006 წელს ფინეთში სწორედ ამ ანგარიშით დავმარცხდით, რაც B დივიზიონში ჩარჩენად დაგვიჯდა. იმ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო რეკორდი დაამყარა - 36 ქულა მიითვალა.

81:91 წაგებული მატჩი თორნიკე შენგელიასთვისაც სარეკორდო აღმოჩნდა. მან ევროლიგაზე პირველად ჩააგდო 16 ქულა. მანამდე, საწყის ტურში "რეალთან" 11 ქულა ჰქონდა მოგროვილი.

მიუხედავად იმისა, რომ "პარტიზანში" უფრო კაშკაშა ვარსკვლავები თამაშობდნენ, ბელგრადში გამართული შეხვედრა მაინც თანაბრად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გამოვლინდა. თორნიკეს NBA-დან დროებით დაბრუნებული ნიკოლა პეკოვიჩის წინააღმდეგ უწევდა თამაში. თუმცა "პარტიზანების" გამარჯვება პირველ რიგში, გამთამაშებელი ეისი ლოუს დამსახურებაა, რომელმაც 26 ქულას 7 პასი მიამატა.

დაკვირვებულ მკითხველს გაახსენდებოდა, რომ ეისი, 2007-09 წლებში "ატლანტაში" ფაჩულიას თანაგუნდელი იყო.

* * *
C ჯგუფში გუნდები ორად იყოფა: ცხრილის ზემოთ ორმოგებიანი სამი კლუბია, ქვემოთ - თითომოგებიანი ტრიო. ამ უკანასკნელ ვინაობასაც გეტყვით: "შარლერუა", "მილანი" და "პარტიზანი".

ევროლიგაზე მომდევნო მატჩში "კანტუ" "ოლიმპიაკოსს" მიიღებს (9 ნოემბერს), "შარლერუა" - "მილანს" (10 ნოემბერს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული