მეტრეველი რიმინიში

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა მეტრეველი ახალ სეზონს იტალიის მეორე ლიგის ბინადარ "კრაბსში" გაატარებს. ქალაქ რიმინის ეს გუნდი სააგენტო "ინტერპერფომანსის" ხელმძღვანელ ლუჩანო კაპიკიონის ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მეტრეველი საქართველოდან იტალიაში წაიყვანა. ნიკამ "კრაბსში" ორი წელი გაატარა, თამაშობდა ჭაბუკთა, და ახალგაზრდულ გუნდებში.

წარმატებული სეზონის შემდეგ ქართველი ფორვარდით სიენას "მონტეპასკი" დაინტერესდა. 211 სმ სიმაღლის ფორვარდმა სიენელთა რიგებში სამი წელი გაატარა, ახალგაზრდებთან ერთად არაერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი. "მონტეპასკის" მაისურით კი იტალიის პირველობაზეც ჩაატარა რამდენიმე თამაში და ევროლიგაზეც გამოჩნდა (2009 წლის
ზამთარში).

2009-10 წლების სეზონის მეორე ნახევარი ნიკამ "ფერენტინოში" განათხოვრების წესით ითამაშა (18 მატჩში საშუალოდ 6.7 ქულას და 4.2 მოხსნას აგროვებდა), შემდეგ ისევ "მონტეპასკის" დაუბრუნდა და მაის-ივნისში იტალიის 20-წლამდელთა პირველობაზე ითამაშა.
მეტრეველის "კრაბსში" გადასვლის შესახებ იტალიურ პრესაში ივნისის ბოლოსაც დაიწერა, თუმცა მაშინ კალათბურთელმა თქვა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არისო. ახლა კი ერთბაშად სამმა იტალიურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მეტრეველის რიმინულ კლუბში გადასვლის შესახებ. მწვრთნელი ქართველისთვის მძიმე ფორვარდის პოზიციის ჩაბარებას აპირებს. მომავალ სეზონში "კიბორჩხალები" მაღალი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას. საამისოდმათ სერიოზული ნაბიჯი გადადგეს - კონტრაქტი შესთავაზეს გამოცდილ დუშან ვუკჩევიჩს, რომელიც შარშან ვიქტორ სანიკიძის გვერდით "ვირტუსში" თამაშობდა (კაპიტანი იყო).

იტალიელები იმასაც წერენ, რომ დუშანი ახლა მეუღლის სამშობლოში, შვედეთშია და გუნდს 1 სექტემბერს შეუერთდება, ხოლო ნიკა მეტრეველი ქორწილისთვის ემზადება და ზუსტად პირველში შეკრებაზე ვერ გამოცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული