იტალიელები ბოქოლიშვილზე

AutoSharing Option
ორი დღის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი მერაბ ბოქოლიშვილი იტალიურ "აველინოში" გადავიდა. გუშინ ამ ტრანსფერზე იტალიურმა გამოცემებმაც დაწერეს, "ევრობასკეტმაც" და "აველინოს" ოფიციალურმა საიტმაც. აი, რას ამბობს გუნდის ოფიციალური საიტი ახალგაზრდა ქართველ ახალწვეულზე:

"აველინოელთა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გაისად გუნდში ქართველი უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი ითამაშებს.
იგი 1992 წლის 27 თებერვალსაა დაბადებული და 198 სმ სიმაღლისაა. გასულ სეზონში ქართულ "სუპერლიგაში" "სამედიცინო/აკადემიას" ღირსებას იცავდა, ხოლო 2008-09 წლებში სსაუ-ს წევრი იყო.

ბოქოლიშვილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და 18-წლამდელებშიც. იგი თავიდან "აველინოს" 19-წლამდელთა გუნდს
შეუერთდება. ამასთან, ივარჯიშებს სერია A-ში მოასპარეზე აველონოელებთან. გუნდის ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი პირდაპირ მიუთითებს ახალგაზრდებით სერიოზულად დაინტერესებაზე. მათ სურთ, შევსება არა მხოლოდ ტრანსფერებით, არამედ 19- წლამდელთა გუნდიდან მიიღონ.

გუნდის უფროსი ლუი ერკოლიო ქართველი უკანახაზელის შეძენის ფაქტს დადებითად აფასებს:

- წლეულს ახალი პროექტის განხორციელებას შევუდექით - დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს ახალგაზრდულ გუნდებს. სწორედ მათგან უნდა შეივსოს "აველინო". ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი ქართველი ახალგაზრდის, მერაბ ბოქოლიშვილის შეძენაა."


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული