სანიკიძემ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა

AutoSharing Option
ზედიზედ მეოთხედ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი მიითვალა - იგი "ბიელასთან" მატჩშიც ასცდა 10-ქულიან ზღვარს: 34 წუთში 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 13-დან 11 ასხლეტილ ბურთს იგი საკუთარ ფარზე დაეუფლა, 6-6 სამქულიანი, ორიანი და საჯარიმო ისროლა, 4-4 საჯარიმო და ორქულიანი გამოიყენა, რასაც 1 სამიანი მიამატა.

გასულ კვირასაც მოგახსენეთ, რომ ვიქტორი იტალიის უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელი იყო. მას ყოფილ თანაგუნდელ ჯარედ ჰოუმანთან ერთად საშუალოდ 9.9 მოხსნა ჰქონდა. ბოლო ტურში ქართველმა ფორვარდმა შედეგი გააუმჯობესა და საუკეთესო
მომხსნელად იქცა: მის ანგარიშზე საშუალოდ 10.2 მოხსნაა. მეორე ადგილზეა გრეგ ბრუნერი (მონტაგრანარო) - 9.6, მესამეა ლინტონ ჯონსონი (აველინო) - 9.3.

რადგან ზოგად სტატისკიკაზე ვლაპარაკობთ, აქვე უნდა გითხრათ, რომ სანიკიძე ქულებშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. მის ანგარიშზე საშუალოდ 14.2 ქულაა, რაც მეათე მაჩვენებელია.

* * *
ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ვიქტორის "ვირტუსი" სტუმრად "ბიელასთან" 78:83 დამარცხდა. სირენამდე 5 წუთით ადრე ქართველმა ფორვარდმა ორი საჯარიმო გამოიყენა და ბოლონიელთა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო ყველაზე მცირე სხვაობა ბოლო წუთებზე - "ბიელამ" გადამწყვეტ მომენტში სამქულიანს საჯარიმოები მიაყოლა და 83:78 გაიმარჯვა.

9 ტურის შემდეგ "ვირტუსს" 5 მოგება და 4 წაგება აქვს, მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს შინ "ვენეციასთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული