"კანტუმ" სერია A-ში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა "ბანკა ტერკასს" უმასპინძლეს და 84:76 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელები თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაებნენ და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდეს. მარკოიშვილმა 19 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 5 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, 3 საშუალო ტყორცნიდან კი მეტოქის კალათში 1 მოათავსა.

შერმადინმა ოდნავ ნაკლები - 17 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ამ გამარჯვებამ
"კანტუ" ცხრილის ზედა ნაწილში დააბრუნა. ქართველების გუნდი მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მე-7 პოზიციამდე აღზევდა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარი", რომელმაც "ვარეზე" 90:79 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ერთხელ დაჯარიმდა და წესები მის წინააღმდეგაც ერთხელ დაირღვა.

მომდევნო ტურში, 18 დეკემბერს, "კანტუ" სტუმრად "მონფერატოს" შეხვდება, ხოლო დინამოელები ტრევიზოში "ბენეტონს" შეხვდებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული