ჰეინსის 35 ქულა და MVP-ის ჯილდო

AutoSharing Option
იგორ კოკოშკოვმა კვირა დილას მითხრა - მომავალში შეიძლება აზრი შევიცვალო, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრების ღირსება მარკიზ ჰეინსმა, ან ტორინ გრინმა უნდა დაიცვასო.

ამ განცხადებიდან სამიოდ საათში ჰეინსი მოედანზე გავიდა და თავის ევროპულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მარკიზისა და ტორინის "გრან კანარია" სტუმრად "ვალიადოლიდს" ეთამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი გასვლითი მატჩი რომ მოიგო, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ მოთამაშეს უნდა უმადლოდეს. მარკიზ ჰეინსმა 30 წუთში მეტოქეს 35 ქულა ჩაუგდო და კანარიელებს გამარჯვება გაუნაღდა - 89:70.

მისი თამაში გამოცემა ACB-ში განსაკუთრებითაა
აღნიშნული, სათაურით: "ჰეინსი გაგიჟდა": "საქართველოს პასპორტის მქონე ამერიკელმა, მარკიზ ჰეინსმა ვალიადოლიდში დიდებული მატჩი ჩაატარა. მან საწყის 12 წუთში 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დიდ შესვენებაზე 25-ით გავიდა.

საბოლოოდ 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 5 სამიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისებრ 35 ქულა გასულ სეზონში ჯეის ქეროლს ჰქონდა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში მადრიდის "რეალში" გადავიდა."

"ევრობასკეტმა" მარკიზი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა: "ჰეინსის 35 ქულა "გრან კანარიას" "ვალიადოლიდის" სტუმრად დამარცხებაში, ხოლო მარკიზს ტურის საუკეთესოდ აღიარებაში დაეხმარა.

ამერიკელ კალათბურთელს სეზონში საშუალოდ 12.5 ქულა აქვს, თუმცა ამჯერად მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა როგორც ორქულიანები (62.5), ასევე სამიანები (50.0)."

ბოლოს დავძენთ: საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ნატურალიზებულმა ტორინ გრინმა "გრან კანარიას" მაისურით მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და 1 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული