ვიქტორ სანიკიძეს ვარსკვლავური აღიარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბოლონიის "ვირტუსის" ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მიმდინარე სეზონში მეორედ აღიარეს იტალიის ჩემპიონატის ტურის კალათბურთელად. მან ეს "მონფერატოსთან" კარგი თამაშით დაიმსახურა - 19 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი მე-14 ტურში საუკეთესო იყო - 34.

პოპულარულ გამოცემა "ევრობასკეტში" ჩამოწერილია გამორჩეულთა ათკაციანი სია, რომელსაც სათავეში ქართველი თავდამსხმელი უდგას.

სტატია ასე იწყება: "ვიქტორ სანიკიძეს საოცარი საღამო ჰქონდა, რისი წყალობითაც "ევრობასკეტისგან" მე-14 ტურის MVP-ს წოდება მიიღო.

25 წლის კალათბურთელმა სეზონში მეექვსე ორმაგი დუბლი მიითვალა და ბოლონიის "ვირტუსს" 70:62
მოაგებინა. ამ გამარჯვების შედეგად ბოლონიელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე ავიდნენ. მათ გაცილებით უკეთესი პოზიცია ექნებოდათ, ჩემპიონატის დასაწყისში რამდენიმე მატჩი რომ არ წაეგოთ.

სანიკიძე მესამე სეზონია "ვირტუსის" ღირსებას იცავს. იგი წლიდან წლამდე თამაშს სტაბილურად აუმჯობესებს. ეს მის წლევანდელ სტატისტიკაზეც ისახება. შთამბეჭდავი მონაგარი აქვს: სერია A-ში მოხსნებში საუკეთესოა - საშუალოდ 10.2; თამაშიდან რეალიზებულ ტყორცნებშიც უკონკურენტოა - 60.9 პროცენტი. მექულე ლიდერებში კი ვიქტორი მე-19 პოზიციაზეა (საშუალოდ 13.9)."

იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი, "ლეგაბასკეტი" ყოველი ტურის 10 გამორჩეულ ეპიზოდს "ვიდეო-ჰაილაითად" კრებს. მე-14 ტურის ათეულში სანიკიძის ჩატენვა მე-6 ადგილზე გავიდა.

საუკეთესოდ მისივე თანაგუნდელის ჯილის ალეი-უპი აღიარეს. იმავე საიტზე ქართული გვარი ერთი სტატიის სათაურშიც მოხვდა: "სანიკიძე ორმაგდუბლოსნებში პირველია". როგორც გითხარით, მის ანგარიშზე 6 დაბლ-დაბლია, ჯონსონსა და ადრიენის ანგარიშზე - 5-5, ხოლო ბრუნერს - 4.

ერთი ორმაგი დუბლი აქვს გიორგი შერმადინს, რომელიც დაფარებების საერთო რაოდენობით მიმდინარე ჩემპიონატში მეორეა - 1.1. გიორგისა და მანუჩარზე სხვა დროს ვრცლად გესაუბრებით, აქ კი იტალიური გაზეთების ცხელ-ცხელ სტატიებს გავეცნოთ.

"ლა რეპუბლიკაში" "ვირტუსი"-"მონფერატოს" თამაშის განხილვისას ლაპარაკია მონფერატოელი შაკურის ნაყოფიერ გარჯაზე, თუმცა იქვე ნათქვამია - ტრიუმფატორი ვიქტორ სანიკიძე იყოო.

"კუოტიდიანო": "სუპერ სანიკიძემ ბოლონიელებს მარტომ კიდევ ერთი მატჩი მოაგებინა. ბოლო წუთებზე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც სწორედ ქართველი ფორვარდის გამარჯვებით დასრულდა."

ორი გაზეთი "ოლ ერაუნდი" და "ბასკეტინსაიდი" ყოველი მატჩის მომოხილვას ცალკე ქვეთავს საუკეთესო კალათბურთელებს უთმობს.

"ბასკეტინსაიდში" ვიქტორის გვერდით MVP-ად მისი ფინელი თანაგუნდელი პეტრი კოპონენია დასახელებული: "კოპონენმა და სანიკიძემ მთელი მატჩი თანაბრად ჩაატარეს, არც გადამწყვეტ მომენტში მოქცეულან ჩრდილში. ქართველის ნაცვლად მისი ციფრები მეტყველებენ: 19 ქულა, 14 მოხსნა, 2 დაფარება და 8 ჯარიმა, რომელიც მეტოქეს მიაღებინა."

"ოლ ერაუნდი": "სანიკიძემ კიდევ ერთხელ გამოანათა ვარსკვლავურად. იოლი მატჩი არ ყოფილა. "ვირტუსი" დაცვაში მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებოდა, შეტევაში კი... ბევრი რამ სანიკიძეზე იყო დამოკიდებული. მან მოლოდინი გაამართლა - გადამწყვეტ მომენტში ორი ორქულიანი ჩააგდო, მანამდე სამქულიანების რეალიზებითაც გამოირჩა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Air-Georgia მაგარი სეზონი აქვს ვიკას და იმედია სპურსი წაიყვანს
AleC
15:26 05-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული