მან სიენური "მონტეპასკის" ძლევაში ლომის წვლილი შეიტანა: 10 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. საინტერესოა, რომ ვიქტორის "ვირტუსმა" ბურთი სულ 33-ჯერ მოხსნა, მთლიანად "მონტეპასკიმ" კი ქართველზე სამით მეტი მოხსნა ჩაიწერა - 22.
გამოცემა "ბასკეტინსაიდში" სანიკიძე მატჩის მთავარ გმირადაა დასახელებული:
"ქართველმა ფორვარდმა სიენელებს მოხსნა არ დაანება, ფარიდან ასხლეტილ ბურთს 19-ჯერ(!) დაეუფლა. იგი მატჩის გმირი გახდა, მეოთხე პერიოდშიც არაერთი მნიშვნელოვანი ქულა და მოხსნა მოაგროვა".
ამავე გაზეთში ყოველი მატჩის მიმოხილვას ახლავს ქვეთავი,
"AIR GEORGIA საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილასაა. "მონტეპასკისთან" მატჩის "ძაფი" მის ხელთ იყო და სადავეები ხელიდან წუთითაც არ გაუშვია. სანიკიძის ანგარიშზე 10 "მშვიდი" ქულა და 19 "ხმაურიანი" მოხსნაა."
"ტელესანტერნო" წერს:
"სიენელებს თამაში გაუჭირდათ როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრზე. თუ ჩემპიონებს "ვირტუსის" უკანახაზელებმა კოპონენმა და პოეტამ გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა, ფარქვეშ ვერას გახდნენ ვიქტორ სანიკიძესთან, რომელიც NBA-ს სტილში თამაშობდა."
პოპულარულმა საიტმა "ევრობასკეტმა" მე-16 ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ქართველი თავდამსხმელი დაასახელა:
"ქართველი ფორვარდის ვიქტორ სანიკიძის ექსტრაორდინალური თამაში მისი ტურის საუკეთესოდ აღიარების საწინდარი გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა "ვირტუსმა" კი "მონტეპასკი" 75:71 დაამარცხა. სანიკიძე მესამე წელია ბოლონიელთა გუნდშია და თამაშს სტაბილურად აუმჯობესებს. იგი ლიგაში საუკეთესო მომხსნელია: საშუალოდ 10.7, ასევე გამორჩეულია სროლაში - თამაშიდან ტყორცნების 62.3 პროცენტს იყენებს."
15 იანვარს სანიკიძე იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართველ მეგობრებს (მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს) დაუპირისპირდება - "ვირტუსი" "კანტუს" სტუმრობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"