გიორგი შერმადინის ოქროს ქულა, მანუჩარ მარკოიშვილმა 13 აღმოფხვრა

AutoSharing Option
ენით ვერ აღგიწერ, საკუთარი თვალით უნდა გენახაო, რომ იტყვიან, ასეთი მატჩი მოიგო "კანტუმ". იტალიური გუნდის ლიტვურ "ჟალგირისთან" გამარჯვებაში ქართულ დუეტს, მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს დიდი წვლილი მიუძღვით. გადამეტებულს რომ არაფერს ვამბობთ, მომდევნო აბზაცში დარწმუნდებით.

სირენამდე 8:29 წუთით ადრე თითქოს ყველაფერი "კანტუსთვის" აუგს მოასწავებდა - მარკოიშვილმა ტექნიკური შენიშვნა მიიღო და "ჟალგირისი" 13 ქულით დაწინაურდა (64:51). თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაიქოქა იტალიური გუნდი, 17:2 გაქცევა მოაწყო და მანუჩარის ჯარიმიანი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 66:66. საყურადღებოა, რომ ამ მონაკვეთში ლიტველთა გამთამაშებლის მეურვეობა
მანუს დაევალა და როგორ გაართვა თავი, ციფრებიც მეტყველებენ.

მატჩის დასრულებას 6 წუთი უკლდა, მოედანზე შერმადინი რომ დაბრუნდა და ბოლო წუთების გმირად იქცა. ზედიზედ ჩაგდებული ოთხი საჯარიმოს შემდეგ "კანტუ" წინ გაიყვანა - 72:71. დარჩენილ 19 წამში ლიტველები იძულებულნი იყვნენ განზრახ ფოლებზე გადასულიყვნენ. იტალიელი მასპინძლები მომგებიან პოზიციაში იყვნენ, მაგრამ სირენას 3 წამი უკლდა, როცა ჟალგირისელმა სონი ვიმსმა საოცარი მოხერხებულობით ანგარიში გაათანაბრა: მეორე საჯარიმო განზრახ გაარტყა რგოლს, თავადვე მოხსნა და ორქულიანი ჩააგდო (78:78).

კანტუელებმა წუთშესვენება აიღეს, ბურთი გვერდიდან შერმადინს მიაწოდეს, თუმცა მასთან "ჭიდაობისას" წესები დაარღვიეს და გიორგის ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცა. 22 წლის ცენტრმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო - პირველი ტყორცნა გამოიყენა, მეორე განგებ ააცილა და კანტუს 79:78 მოაგებინა.

შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 17 წუთი, 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 პასი, 16 მქკ. მარკოიშვილმა 15 წუთში 7 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო) 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული