სტატისტიკის გარდა რა სჭირდება კალათბურთელს მატჩის გმირობისთვის? გადამწყვეტ მომენტში თავის გამოდება და გამარჯვება. 22 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ბოლო წამებზე ხუან კარლოს ნავაროს სნაიპერობაში გაეჯიბრა: სირენამდე 42 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა და "კანტუ" წინ გაიყვანა
საპასუხო შეტევაში მაძარინომ წესების დარღვევით შეაჩერა ნავარო, რომელმაც აუღელვებლად ჩააგდო ორივე საჯარიმო და გიორგის მატჩის გმირობა ჩამოართვა. აკი ვთქვით, გმირობისთვის გამარჯვებაც საჭიროაო. "კანტუმ" მინიმალური სხვაობით, 62:63 წააგო.
დამაჯერებლად ითამაშა მეორე ქართველმა კანტუელმა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც 25 წუთში ორი სამქულიანი გამოიყენა (4-დან) და 6 ქულას 6 მოხსნა მიამატა.
სწორედ მანუს დამსახურებაა კატალონიელთა ამერიკელმა ფორვარდმა პიტ მაიკლმა მხოლოდ 6 ქულა რომ ჩააგდო.
მატჩის ვიცე სნაიპერი ნავარო გახდა - 13 ქულას მოუყარა თავი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"