ქართველების წარმატებული ტური იტალიაში

AutoSharing Option
იტალიის გასულმა ტურმა ქართველი კალათბურთელების აქტივობითა და გამარჯვებებით ჩაიარა. ვიქტორ სანიკიძემ ტურის მატჩებში ყველაზე მეტი - 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "კანტუმ" კონკურენტ "ბენეტონს" მოუგო.

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. "ტერამოსთან" 86:71 მოგებულ მატჩში ვიქტორმა "კანადიან სოლარის" სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 29 წუთი დაჰყო. მან 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში სანიკიძემ 9 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბოლონიელთა ბომბარდირი დაგლას რობერტსი გახდა,
რომელმაც პირად ანგარიშზე 23 ქულა ჩაიწერა.

ამ მატჩის შემდეგ "კანადიან სოლარს" 13 მოგება და 8 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი აქვს "ემპორიო არმანისაც" და ეს გუნდები II-III ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 4 მარტს, სანიკიძის გუნდი სტუმრად "ვარეზეს" შეხვდება.

გარკვეული დროის შემდეგ სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი გამოჩნდა. "კანტუს" მწვრთნელმა ქართველი ცენტრი "ბენეტონთან" მატჩის ხუთეულში დააყენა და არც შემცდარა. შერმადინმა ჩვეული სიზუსტით ითამაშა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები შემატა.

22 წუთში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და თითო პას-დაფარება მოაგროვა. მან 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ზუსტი სამიზნე გამოავლინა და 8 ცდიდან ყველა სროლა მოათავსა.

მანუჩარ მარკოიშვილმა 28 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანადაც. მან 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო, მანუჩარის ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.

გამაერთიანებელი სტატისტიკის მხრივ მას თავის გუნდში მეორე შედეგი (16) ჰქონდა, შერმადინი კი მესამე იყო (15). ქართველებს გარჯა დაუფასდათ და მათმა გუნდმა საბოლოოდ 79:67 მოიგო. 12 მოგება და 8 წაგება - ამ შედეგით "კანტუ" მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 4 მარტს "აველინოსთან" გასვლაზე გამართავს.

და ბოლოს, ნიკა მეტრეველის "სასარიზეც" ვთქვათ, რომელმაც "აველინო" 87:73 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 13 წუთს ითამაშა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მისმა თანაგუნდელმა, ქართული პასპორტის მქონე, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ვერმოხვედრილმა ქუინთონ ჰოსლიმ კი ბრწყინვალედ ითამაშა. 32 წუთში მან 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება და 2 პასი მოაგროვა. ამ შედეგით ჰოსლიმ დამაჯერებლად გაუსწრო სხვა მატჩების მონაწილეებს და დამსახურებულად გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული