ტორინ გრინიც ათამაშდა

AutoSharing Option
სწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ტორინ გრინმა (მას 2011 წელს ჩვენს ეროვნულში არ უთამაშია, თუმცა მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი კანდიდატთა შორის კვლავ ასახელებს) - შუა სეზონში ესპანური "გრან კანარია" დატოვა და თურქულ "თოფაზს" მიაშურა.

ამის მიზეზი სათამაშო დრო იყო: ფეხის ტრავმის მოშუშების შემდეგ გრინმა კანარელთა რიგებში ძველი პოზიციები ვერ დაიბრუნა ამიტომ სათამაშო პრაქტიკისთვის თურქეთში გადავიდა.

"თოფაზში" ტორინმა საუკეთესო მატჩი განვლილ უქმეებზე ჩაატარა: 30 წუთში 12 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. რაც მთავარია, თანაბარ ბრძოლაში თოფაზელებმა
სტუმრად "ოლინ ერდინე" დაამარცხეს - 77:68.

ამ მოგებით გრინის გუნდმა მეშვიდე ადგილზე აინაცვლა. 3 მარტს "თოფაზი" მესამეადგილოსან "ბანვითს" უმასპინძლებს.

რეალთან პატარა კაცსა...
ესპანეთის რეგულარულ ჩემპიონატში პირველობისთვის ცხარე ბრძოლა მიმდინარეობს "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. მადრიდელები 17 მოგებით მეორე ადგილზე არიან, კატალონიელები 18 გამარჯვებით - პირველზე. მათთვის თითო მოგებას ოქროს ფასი აქვს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მადრიდის "რეალმა" "გრან კანარიას" დედაქალაქში შანსი არ დაუტოვა.

პირველ მეოთხედში მასპინძლები 18:9 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც კუნძულელებისთვის მიახლოვების საშუალება არ მიუციათ. საბოლოოდ 90:72 "რეალის" სასარგებლოდ.

"გრან კანარიას" სასტარტო ხუთეულში ითამაშა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მარკიზ ჰეინსმა, თუმცა მადრიდული დაცვის წინააღმდეგ გაუჭირდა: 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ხუთივე სამქულიანი აუცდა. საბოლოოდ 18 წუთში ჰეინსმა 2 ქულა და ამდენივე პასი მოაგროვა.

კანარელებს აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე ჰქონდათ აღებული, 25 სამქულიანიდან 11 გამოიყენეს. ამ მხრივ მიშელ ბრამოსი გამოირჩა, რომელმაც 6-დან 5 სამიანი გამოიყენა.

"გრან კანარია" ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა. მის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა (13 თამაშიდან). ჰეინსის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს "მანრესას" წინააღმდეგ საშინაო არენაზე ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული