მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიამ" "ბარსელონას" მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "გრან კანარიამ", რომლის ღირსებასაც ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი იცავს, "ბარსელონას" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ორ ოვერტაიმიან მატჩში 93:90 დაამარცხა.

ჰეინსმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30:04 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა.

მასპინძელთაგან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ დააგროვა, ბარსელონელთაგან კი საუკეთესონი ხიან კარლოს ნავარო და ერაზემ ლორბეკი იყვნენ, შესაბამისად, 21 და 20 ქულით.
"გრან კანარია" 9 მოგებითა და 15 მარცხით მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება "გრან კანარიას" ყოფილ კალათბურთელს, ასევე ქართული პასპორტის მქონე ტორინ გრინს, იგი თურქულ "თოფაშში" შესანიშნავად ათამაშდა. იგი თურქული გუნდის სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

გასულ ტურში ბურსელები ჰაჩტეპის უნივერსიტეტის გუნდთან 71:79 დამარცხდნენ, გრინმა კი 36 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

ტორინმა 5-დან 2 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "თოფაში" 11-11 მოგებითა და ამდენივე მარცხით თურქულ სუპერლიგაში მერვე ადგილზეა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული