მანუჩარმა 35 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მაღალი სიზუსტით ისროლა როგორც ახლო, ასევე შორი დისტანციიდან: 5-იდან 3 სამქულიანი და 8-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო. ააცილა ორი საჯარიმო.
გიორგი შერმადინმა კი იტალიაში მოხსნებში პირადი რეკორდი გაიმეორა - 12. მას აქამდე "კანტუს" მაისურით მხოლოდ ერთი "დაბლ-დაბლი" ჰქონდა შესრულებული
ამჯერად "სკავოლინისთან" უფრო ეფექტური დუბლი გამოუვიდა - 15 ქულა, 12 მოხსნა. სიზუსტე არც მას დაეწუნებოდა: 13-იდან 7 ორქულიანი, 2-იდან 1 საჯარიმო. 216 სმ სიმაღლის გოლიათმა ეს ყველაფერი 25 წუთში მოასწრო.
მოძველებული ფრაზა უნდა გამოვიყენოთ: მატჩი დაძაბული გამოდგა და სასიამოვნოა, რომ გადამწყვეტ მომენტში ორივე ქართველი მოედანზე იყო.
მეტსაც გეტყვით: ბოლო 11 წუთში მანუჩარმა 10 ქულა მიითვალა (ორი სამქულიანის რეალიზება მოახერხა), ხოლო გიორგიმ - 8. ასე რომ, ამ მონაკვეთში "კანტუს" მიერ ჩაგდებული 29-იდან 18 ქულა ქართული იყო.
ყურადღებას იმსახურებს შეხვედრის ქრონოლოგიაც. სირენამდე სწორედ 11 წუთით ადრე კანტუელები 11 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ.
თუმცა მდგომარეობა მალე გამოასწორეს და მანუჩარის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (59:63). სამიოდე წუთში შერმადინი-ლეუნენის 6-მა ქულამ ტაბლოზე მინიმალური სხვაობა დააფიქსირა, თუმცა სწორედ ამ დროს ჩააგდო სამქულიანი პესაროელმა დანიელე კავალიერომ: საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე მასპინძელთა 4 ქულით დაწინაურება (69:65) მატჩის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა - "კანტუმ" დარჩენილ დროში თამაში ვეღარ შემოატრიალა. ბოლო წუთზე სტუმრებს ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო მარკოიშვილი და პერკინსი გამოაკლდნენ.
72:69 "სკავოლინის" სასარგებლოდ, რომლის რიგებში რიჩარდ ჰიკმანი 28 ქულით გამოირჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო"