ცინცაძე როკერებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე დღეს ესტონეთში გაფრინდება. მან კონტრაქტი გააფორმა ტარტუს კლუბ "როკთან". მკითხველს შეხსენება არ დასჭირდება, რომ "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) ამ ესტონურ გუნდში აქამდეც თამაშობდა - "როკერთა" ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა (2006-09). სხვათა შორის, 2008-09 წლებში გიორგის გვერდით ვიქტორ სანიკიძეც ირჯებოდა.

"ბუმ" "ტარტუ როკში" გადასვლისთანავე (2006 წელს) მოიპოვა სასტარტო გამთამაშებლის ადგილი და თანდათან გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა. ბალტიის თასსა და ევროჩელენჯზე წარმატებული თამაშის გვირგვინი 2009 წელს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება იყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ცინცაძემ
ესტონეთის დატოვება და უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლა.
შარშან ზაფხულში კონტრაქტი გააფორმა რუსულ "ენისეისთან", მაგრამ რუსებმა ვიზა არ მისცეს და ხელშეკრულებაც გაუქმდა. "ბუმ" 2009 წლის შემოდგომით ბერძნულ "ტრიკალას" მიაშურა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს არ იყო სწორი ნაბიჯი - ბერძნებს ხელფასის გაცემა უჭირდათ და გიორგიმაც თვენახევრის შემდეგ "ტრიკალას" დატოვება გადაწყვიტა.

საბერძნეთიდან იგი უკრაინაში გადავიდა და "დონეცკში" ჩაირიცხა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მწვრთნელი ქართველ გამთამაშებელს ბოლომდე ენდობოდა, მაგრამ იანვარში კლუბის ხელმძღვანელობამ ფინანსური სიდუხჭირის გამო ლეგიონერთა დათხოვნა გადაწყვიტა... უკლუბოდ დარჩენილი ცინცაძე იანვარში "აგრარულ უნივერსიტეტს" საქართველოს თასის მოპოვებაში დაეხმარა, თებერვალში კი კონტრაქტი გააფორმა (სეზონის ბოლომდე) პოლონურ "სოპოტთან", თუმცა ვერც იქ აეწყო - კოჭის ტრავმა მიიღო და სეზონის დასკვნით მონაკვეთში სოპოტელებს ვერ დაეხმარა.

ასეთი მოგზაურობის შემდეგ, ახალი სეზონის წინ გიორგი ცინცაძემ "ტარტუ როკში" დაბრუნება გადაწყვიტა...
"ვერ ვიტყვი, ბევრი წინადადება მქონდა-მეთქი, მაგრამ იყო რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან "ტარტუ როკი" შევარჩიე. მომავალ სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მელის და ჩემთვის მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. ტარტუში კარგად მიცნობენ, მწვრთნელიც იგივეა, რაც ორი წლის წინათ და გუნდიც სამ ტურნირში ითამაშებს: ესტონეთის პირველობაზე, ბალტიის ლიგასა და ევროჩელენჯზე. ვფიქრობ, "როკში" დაბრუნება სწორი ნაბიჯი იყო".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული