ზაზა ფაჩულიას 12 ქულა, 16 მოხსნა და საუკეთესოს ტიტული

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრი 8 აპრილს, გამთენიისას, შარლოტში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

12 ქულა და 16 მოხსნა მოედანზე მყოფთაგან ყვლაზე საუკეთესო შედეგი გახლდათ, რისი წყალობითაც "ატლანტამ" მასპინძლები 116:96 გაანადგურა. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა.

ფაჩულიამ წინა შეხვედრა "დეტროიტთან" შედარებით მოკრძალებულად ჩაატარა. ის მოედანზე მხოლოდ 20 წუთი იმყოფებოდა და შეხვედრა 4 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.

დღევანდელ შეხვედრაში კი ქართველმა ცენტრმა დიდებულად ითამაშა და ის მწვრთნელმა მოედანზე კარგა ხნით გააჩერა. მთლიანობაში ზაზამ
38 წუთი ითამაშა და საუკეთესო შედეგიც აჩვენა.

ფაჩულიამ მეტოქის ფარს თამაშიდან 6-ჯერ შეუტია და 5 ჩააგდო. ზაზამ 2-დან ორივე საჯარიმოც მიითვალა და მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა.

ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარზე ბრძოლაში და საბოლოოდ პირად ანგარიშზე 16 მოხსნა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ შარლოტელთაგან 5 მოხსნაზე მეტი არავის დაუგროვებია, ხოლო ატლანტელებში ფაჩულიას შემდეგ საუკეთესო შედეგი - 6 მოხსნა - ივან ჯონსონს ჰქონდა. ზაზა სხვა სათამაშო კომპონენტებშიც ჩინებულად გაისარჯა: 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება საკმაოდ კარგი რეზულტატია.

უნდა აღინიშნოს, რომ ატლანტელებმა საკმაოდ სტაბილურად ითამაშეს. არც ერთ მათგანს არ მიუღწევია 20-ქულიან ზღვრამდე, სამაგიეროდ 7 ატლანტელი გადასცდა 10-ქულიან თამასას. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 23:19 მოიგეს, სტუმრებმა შეხვედრის ბედი მალევე გადაწყვიტეს. მეორე პერიოდი ატლანტელებმა 29:13 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 18 ქულით ლიდერობდნენ.

"ატლანტას" 34 მოგება და 23 წაგება აქვს - ჯორჯიული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა "ორლანდო" ძალიან ახლოსაა. ფაჩულიას გუნდს 2 ურთულესი გამოცდა ელის: 11 აპრილს ბოსტონში, ხოლო 13-ში ორლანდოში.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული