ზაზა ფაჩულიამ კევინ გარნეტს ვერ აჯობა

AutoSharing Option
ძალიან პრინციპული მატჩი წააგეს ატლანტელებმა. ჯორჯიული გუნდი აღმოსავლეთში ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ "ბოსტონს" სტუმრად ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენციაში მეოთხე ადგილზე აინაცვლებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და შეხვედრა დამატებით დროში - 86:88 დათმო.

მატჩი მეტად დაძაბული, ამ გუნდების დაპირისპირებებს რომ ახლავს ხოლმე, ისეთი გამოდგა. შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით მეორე მეოთხედს, რომლის ბოლოსაც ატლანტელებმა 8-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მომდევნო პერიოდში ეს უპირატესობა გაანიავეს.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო ნაწილი. გადამწყვეტი მეოთხედის წინ "ატლანტა" 1 ქულით იგებდა, საბოლოოდ კი მატჩისთვის განკუთვნილი
48 წუთი ფრედ - 84:84 დასრულდა.

დამატებითი დროის პირველსავე წუთზე რაჯან რონდოსა და პოლ პირსის სროლებით "ბოსტონი" 88:84 დაწინაურდა, თუმცა კირკ ჰინრიხმა ზუსტი სროლით ატლანტელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა.

წინ დამატებითი დროის მთელი 3 წუთი იყო, თუმცა ბურთი აღარ ჩავარდა. ექსტრახუთწუთეული "ბოსტონის" 4:2 გამარჯვებით დასრულდა, რაც მასპინძელთა წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამ შედეგის შემდეგ სამ გუნდს - "ბოსტონს", "ატლანტას" და "ორლანდოს" მოგებ-წაგებათა თანაბარი თანაფარდობა დაუგროვდათ: 34:24. სწორედ ეს გუნდები, ამ მიმდევრობით ინაწილებენ აღმოსავლეთ კონფერენციის IV-VI ადგილებს.

რაც შეეხება ჩვენთვის მთავარ თემას: ზაზა ფაჩულიას ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისმა ტრადიციულად პრინციპულმა ოპონენტმა კევინ გარნეტმა უკეთესი შედეგი აჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონელთა უკანახაზელმა რონდომ თამაში სამმაგი დუბლით (10 ქულა, 10 მოხსნა, 20 პასი) დაასრულა, "სელტიქსში" საუკეთესო შედეგის მქონე კალათბურთელად გარნეტი აღიარეს.

ვეტერანმა სუპერვარსკვლავმა 33 წუთში 22 ქულა, 12 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. გარნეტმა 20-იდან 9 ორქულიანი და 4-იდან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.

ფაჩულიამ გარნეტზე მეტი ითამაშა. 39,29 წუთში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ 8-იდან 5 ორქულიანი და 7-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ლამის 40 წუთი ითამაშა, ფაჩულიას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

ატლანტელებს მორიგი მატჩიც მეტად პრინციპული აქვთ. ფაჩულიას გუნდი 14 აპრილს ორლანდოში "მეჯიქს" ხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული