ვიქტორ სანიკიძე: სუპერთასის მოსაგებად მზად ვარ

AutoSharing Option

იტალიაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრები აპენინებზე 5 სექტემბერს გაფრინდნენ. მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუს" შეუერთდა, ვიქტორ სანიკიძე - "ვირტუსს", ხოლო ნიკა მეტრეველი - "კრაბსს".
მანუ და ვიქტორი ამ კლუბებში შარშანაც თამაშობდნენ, მეტრეველი კი "მონტეპასკის" კუთვნილებაა, თუმცა ახალ სეზონს იტალიის პირველობის მეორე ლიგაში, რიმინის "კრაბსში" გაატარებს (იჯარის წესით).


საქართველოს ნაკრებში ნავარჯიშები კალათბურთელები იტალიურ გუნდებს კარგად მომზადებულები შეუერთდნენ და ამხანაგურ მატჩებშიც გამოირჩნენ. დავიწყოთ "კანტუთი", რომელმაც მანუჩართან ერთად სამი მატჩის ჩატარება მოასწრო.
კანტუელებმა ჯერ ევროლიგის შესარჩევი ეტაპის მონაწილე ბელგიურ "შარლერუას" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს

- 76:72. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 9 ქულა ჩააგდო.

12-13 სექტემბერს "კანტუ" "ზეპიერის მემორიალში" ჩაერთო. შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში მანუს თანაგუნდელები ქვედალიგელ "პრიმა ვეროლის" დაუპირისპირდნენ და ბევრისთვის მოულოდნელად ფინალში ვერ გავიდნენ - 82:87. მანუმ თანაგუნდელებს 11 ქულა შეაწია.
მესამე ადგილისთვის მატჩში "კანტუმ" "ფილენი" 15 ქულის სხვაობით დაამარცხა - 77:62. ეს გამარჯვება პირველ რიგში მარკოიშვილის დამსახურებაა, რომელმაც 16 ქულას მოუყარა თავი.
ასე რომ, "კანტუ" მემორიალზე მესამე ადგილს დასჯერდა.


ნიკა მეტრეველი "კრაბსში" კარგად მიიღეს. მან "კიბორჩხალების" ფორმა რიმინიში ჩასვლისთანავე მოირგო. სადებიუტო მატჩში მეტრეველმა უმაღლესლიგელ "მონტეგრანაროს" წინააღმდეგ ითამაშა და 4 ქულა ჩაიწერა.
"კრაბსმა" "მონტეგრანაროსთან" დაძაბულ ბრძოლაში 61:68 წააგო.


მარკოიშვილის მსგავსად, პირველ მატჩში 9 ქულა ჩააგდო ვიქტორ სანიკიძემ. მის "ვირტუსს" "პისტოიას" ძლევა გაუჭირდა, ქვედალიგელთან სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვა - 72:69.
თამაშამდე გამოცემა "ტუტობასკეტის" ჟურნალისტმა ვიქტორ სანიკიძეს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის თარგმანსაც აქ შემოგთავაზებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად რთული მატჩების ჩატარებამ მომიწია, დაღლილი ნამდვილად არ ვარ. ჯერ ახალგაზრდა გახლავართ. "ვირტუსთან" ერთად აქტიურად ვემზადები და იმედი მაქვს, რომ სუპერთასის მატჩს სათანადო კონდიციებში შევხვდები - 10 აგვისტოს ხომ ურთულესი შეხვედრა გველის, სიენას "მონტეპასკის" ვეთამაშებით. ბოლონიელებთან რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სიენელებთან მატჩისთვის უკვე მზად ვარ.

- იტალიაში დაბრუნების შემდეგ სახეცვლილი "ვირტუსი" დაგხვდა...
- შარშანდელი სეზონის შემდეგ შემადგენლობა ძალიან შეცვლილა. შედარებით გაახალგაზრდავებულა. ეს კარგია - რაც მეტი ახალგაზრდაა, მით მეტია ენერგია და ენთუზიაზმი. ზოგიერთს აქამდეც ვიცნობდი, ზოგს პირველად შევხვდი, ზოგადად დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა. ახალწვეულებზე მწვრთნელებმაც პოზიტიურად ილაპარაკეს. ასე რომ, ახალგაზრდა, სწრაფი და ენერგიული გუნდი გვეყოლება.

- რას ელი მომავალი სეზონისგან?
- ახალგაზრდულ შემართებას აუცილებლად უნდა დავურთოთ ხარისხიანი თამაში. ამის მიღწევა ერთობლივი მუშაობით შეიძლება - უნდა შევთამაშდეთ და შევიკრათ. მე კი მინდა, იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე გასულ სეზონში...

- მწვრთნელ ლარდო ლინოსთან სასტარტო ხუთეულის შესახებ თუ ისაუბრე?
- მწვრთნელთან რამდენიმე საკითხზე ველაპარაკე. რაც შეეხება ხუთეულს, ლარდო ლინო გადაწყვეტილებას მას მერე მიიღებს, რაც გუნდი ვარჯიშის შემდეგ ფორმაში შევა. ამას დრო სჭირდება. არსად გვეჩქარება.

- როგორ ფიქრობ, რას მიაღწევს "ვირტუსი" ახალ სეზონში?
- ძნელი სათქმელია. როგორც აღვნიშნე, გასული სეზონის მერე ჩვენი გუნდი საგრძნობლად შეიცვალა. ამასთან, მეტოქეების შემადგენლობებშიც განხორციელდა ცვლილებები და ვიდრე თამაშები არ დაიწყება, ვერავინ იტყვის, ვის როგორი გუნდი ეყოლება. თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

- 10 ოქტომბერს სუპერთასზე იტალიის ჩემპიონ "მონტეპასკის" დაუპირისპირდებით...
- თანაგუნდელებთან ერთად სუპერთასის მოსაგებად ვიბრძოლებ. როცა მოედანზე გადიხარ, საკუთარი შესაძლებლობებისა უნდა გჯეროდეს. მეც მჯერა, რომ "მონტეპასკის" ძლევა შესაძლებელია. უძლეველი არავინაა. "ვირტუსს" მდიდარი ტრადიცია აქვს, რაც მოტივაციას გვმატებს.

ლელო 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული