თითქმის გადაწყვეტილია: გიორგი შერმადინი კარიერას ისრალის "მაქაბიში" გააგრძელებს

AutoSharing Option
- შემიძლია გითხრა, რომ შენი თანამემამულე, გიორგი შერმადინი მომავალ სეზონში "მაქაბიში" ითამაშებს. მისი თელ-ავივში გადასვლის საკითხი 99 პროცენტითაა გადაწყვეტილი, - მითხრა იტალიელმა მეგობარმა ჟურნალისტმა, რომელიც ქალაქ კომოში ცხოვრობს და "კანტუს" მატჩებს რეგულარულად აშუქებს.

მანვე ეს ინფორმაცია ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში გამოაქვეყნა:

"როგორც ჩანს, "კანტუს" ხელმძღვანელობას მომავალ სეზონში ძალიან გაუჭირდება 23 წლის ქართველი ცენტრის, გიორგი შერმადინის შენარჩუნება. როგორც ამბობენ, იგი უკვე შეუთანხმდა ისრაელის "მაქაბის" და გუნდთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა.

ერთადერთი ვარიანტი, რამაც შესაძლოა ტრანსფერი ჩაშალოს, "მაქაბიდან" მთავარი მწვრთნელის დევიდ ბლატის წასვლა იქნება,
რაც ნაკლებად მოსალოდნელია".


იტალიელი ჟურნალისტის ნათქვამს დავამატებ: არის კიდევ ერთი ვარიანტი, რამაც, შესაძლოა "მაქაბიში" გიორგის გადასვლას შეუშალოს ხელი - არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს NBA-ს კლუბი, რომელმაც 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრის აყვანა მოისურვოს. თუმცა, ვფიქრობ,
შერმადინისთვის ისევე როგორც "კანტუ" არის სადღეისოდ ოპტიმალური ვარიანტი, ასევე მომავალ სეზონში "მაქაბი" უნდა იყოს კარგი "ნავსაყუდელი".

წინასწარ ასე თამამად რატომ ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ ვიცი: ებრაელთა ჩემპიონის მწვრთნელ დევიდ ბლატს შერმადინი ძალიან მოსწონს და მეორეც - "მაქაბის" სტილს ქართველი სათანადოდ მოერგება.

საინტერესო დამთხვევაა: ევროლიგის შარშანდელ და წლევანდელ გათამაშებებში გიორგის საუკეთესო მაჩვენებლები სწორედ "მაქაბისთან" ორმატჩიან დაპირისპირებებში ჰქონდა. 2010-11 წლებში მან (სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას იცავდა) თელავიველებთან პირველ მატჩში 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა, ხოლო განმეორებითში - 13 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება.

დამთხვევა შემთხვევით არ გვიხსენებია: გიორგიმ "მაქაბის" კალათში მომდევნო სეზონშიც ზუსტად 13 და 15 ქულა ჩააგდო. ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლიც ამ გუნდთან მიითვალა: 15 ქულა, 10 მოხსნა 4 პასი. სოფოკლის შორციანიტისის წინააღმდეგ მატჩში ასეთი მონაგარის მქონე კალათბურთელით ნებისმიერი მწვრთნელი დაინტერესდებოდა. გამონაკლისი არც დევიდ ბლატია. თუმცა მან მანამდე, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გამოხატა პატივისცემა საქართველოს ნაკრების ცენტრებისადმი - ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინის დონის მეფარეებს ნებისმიერი ტოპ-ნაკრები ისურვებდაო.

შერმადინის ტრანსფერზე ბევრი კი ვწერე, მაგრამ მთავარი არ გვითქვამს: ოფიციალურად არაფერი გამომზეურებულა. ეს ლოგიკურიცაა - ქართველ ცენტრს ჯერ "კანტუს" მაისურით იტალიის ჩემპიონატი აქვს სათამაშო. მისი და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ხომ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

დავუკავშირდი გიორგის ქართველ მენეჯერ ლევან მიქელაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ ნაადრევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
davai sherma miaceqi.genacvale jigarshi.
giga gulua
18:23 05-05-2012
0

სიახლეები პოპულარული