ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლი და დამატებით დროში წაგებული მატჩი

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარმა" მეორე მატჩიც წააგო ნიკა მეტრეველის "სასარი დინამოსთან". მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა პირველზე უფრო დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

ბოლონიელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ დიდებულად ითამაშეს "დინამოს" ამერიკელმა ლეგიონერებმა - ძმებმა დრეიკ და ტრევის დინერებმა, რომელთა შეუპოვრობით მასპინძლებმა 88:86 იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

ვიქტორ სანიკიძე იყო ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა ბოლონიელთაგან ყველაზე მეტი - 41 წუთი ითამაშა, რის განმავლობასიც 12 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სანიკიძემ
10-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. მის თანაგუნდელთაგან საუკეთესო შედეგი ფინელმა პეტერი კოპონენმა აჩვენა - 19 ქულა, 5 პასი.

ბოლონიელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ. სანიკიძის გუნდმა პირველი მეოთხედი 25:17 მოიგო, დიდი შესვენებისთვი 40:34 იგებდა, ხოლო გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 58:51 ლიდერობდა.

ბოლონიელებს გამარჯვება არ დაანებეს ძმებმა დინერებმა. დრეიკმა, რომელიც ამას წინათ სერია A-ს საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა, 28 ქულა მიითვალა.

დრეიკს უხვად ამარაგებდა პასებით მისი ძმა ტრევისი, რომელმაც საბოლოოდ 13 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ძირითადი დრო ფრედ - 76:76 დასრულდა, ხოლო დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა 12:10 იმარჯვეს.

დინაოელთა შემადგენლობაში 4 წუთი ითამაშა ნიკა მეტრეველმა, რომელმაც 1 მოხსნის და 3 ჯარიმის მიღება მოასწრო. რაც შეეხება ქართული პასპორტის მქონე ქუინთონ ჰოსლის, 41 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

სერია ახლა ბოლონიაში გადაინაცვლებს და მომდევნო მატჩი 21 მაისს გაიმართება. თუკი "კანადიან სოლარი" იმარჯვებს, სერია კვლავ ბოლონიაში გაგრძელდება, თუმც მეხუთე, გადამწყვეტი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარების უფლება დინაოელებს რჩებათ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული