ნიკა ცქიტიშვილმა ირანის ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილი ირანიდან ტრიუმფით ბრუნდება. მისმა "მაჰრამმა" ამ სეზონში ყველა შეჯიბრება მოიგო.

დასავლეთ აზიის თასს მაჰრამელებმა ირანის ჩემპიონობა მიაყოლეს. შიდა პირველობაზე ფინალური სერიის მესამე მატჩი (რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა) 21 მაისს თეირანში გაიმართა.

სტუმარ "პეტროჩიმის" წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან სერიაში 0:2-ს აგებდა, მაგრამ ცქიტიშვილის გუნდთან მაინც ვერას გახდა.

მაჰრამელებმა მეორე პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და საფინალო სირენამდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. საბოლოოდ 111:93 მასპინძელთა სასარგებლოდ.

როგორც ყოველთვის, "მაჰრამის" რიგებში ლეგიონერები ნიკა ცქიტიშვილი და პაპე სოუ გამოირჩნენ.

აფრიკელმა 22 ქულა და
14 მოხსნა გაიფორმა, ხოლო სკიტამ 30 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა თავდამსხმელმა 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. თუ სხვა შეხვედრებს გავითვალისწინებთ, 30 წუთი მისთვის ცოტაა, რადგან, როგორც წესი, 35-40 წუთს თამაშობს. თუმცა დროის ოდნავ შეზღუდვას თავისი მიზეზი ჰქონდა, რასაც ნიკას სიტყვებიდან შევიტყობთ.

- მატჩის მსვლელობისას თვალი ვიტკინე და თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ახლა უკეთ მაქვს, თუმცა ხედვა ცოტა მიჭირს. ვფიქრობ, დაზიანება სერიოზული არ არის და მალე გამივლის.

- "პეტროჩიმი" ამჯერადაც იოლად დაამარცხეთ. არადა, მეტოქის რიგებში კარგი ლეგიონერები არიან: ფორტე და აკინდელე...

- პეტროჩიმელებს ვერც უცხოელებმა უშველეს. მიმდინარე სეზონში "მაჰრამი" გაცილებით უკეთესი, კარგად აწყობილი გუნდია და ჩემპიონობა დამსახურებულადაც მოვიპოვეთ.

- ამ სეზონში უკვე ორი ტიტული მოიგე. ივნისში მესამე ოქროს მედლის მიღებაც შეგიძლია...

- აზიის ჩემპიონთა თასი ივნისში აღარ გაიმართება - ფიბა-მ ხუთი თვით გადადო. არადა, წლეულს კარგი გუნდი გვყავს და ფავორიტები ვიქნებოდით.

ნიკოლოზ I (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული