ამ შეჯიბრებებზე ქვემოთ კიდევ შევჩერდებით, მანამდე გაზეთ "დიარიო დი სევილიაში" გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს შემოგთავაზებთ:
"სევილიური "კახასოლის" მთავარმა მწვრთნელმა ხუან პლაზამ სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე შეკრიბა. გუნდის თავკაცი მომავალი ჩემპიონატისთვის კალათბურთელებს აკვირდება: ბექა ბურჯანაძეს, ონდრეი პორზინგისს, კრისტაფს ბალვინს...
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშეა ქართველი ბურჯანაძე, რომელმაც გასული სეზონის
ბექას სროლის სიზუსტე არ დაეწუნება, ფიზიკურადაც სათანადოდაა მომზადებული და ნამდვილად შეუძლია მომავალ სეზონში შეცვლაზე შესვლით გუნდს სარგებლობა მოუტანოს".
მართალია, ბურჯანაძე "კახასოლის" მთავარ გუნდთან მთელი სეზონი ვარჯიშობდა, მაგრამ თამაშის შანსი არ მისცემია. არადა, ერთი წლის წინათ მან ესპანეთის ჩემპიონატზეც ითამაშა და ევროთასის ფინალური ოთხეულის მატჩების განაცხადშიც იყო.
ბურჯანაძე გააგრძელებს თუ არა კარიერას "კახასოლში", მალე გადაწყდება:
- 20 ივნისს ჩემი აგენტი კლუბის გენერალურ დირექტორს შეხვდება და სწორედ მაშინ გაირკვევა ბევრი რამ, - გვითხრა ბექამ.
მანამდე რამდენიმე სიტყვით ება-ს ლიგას შევეხოთ. ესაა რანგით მეოთხე შეჯიბრება ესპანეთში. მასში სევილიური გუნდი "კასტელეხა კახასოლის" სახელით გამოდიოდა.
18 წლის ბექა ბურჯანაძემ 19 მატჩში თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი, 235 ქულა ჩააგდო. მისი საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 12.4 ქულა, 3.9 მოხსნა, 0.8 პასი. იგი სამქულიანებს თითქმის ისევე ხშირად სტყორცნიდა, როგორც ორიანებს: 111/49 ორქულიანი (44%), 98/31 (32%) სამიანი.
- ება-ს ლიგაზე რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ პირველივე მატჩზე არ გამოვცხადდით. მიზეზი საპატიო იყო - ება-ს პლეი ოფს ესპანეთის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაემთხვა და "კახასოლიც" ამ შეჯიბრებაზე გადაერთო.
ესპანეთის ახალგაზრდულ პირველობაში ბექა ბურჯანაძის გუნდი ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთო, სამივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მერვედფინალში "კახასოლი" მალაგის "უნიკახას" დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 16 ქულა და 7 მოხსნა იყო. მეოთხედფინალში...
- "ხუვენტუდს" შევხვდით და დავმარცხდით. შეჯიბრებაში არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მატჩებს ესპანური კლუბების სკაუტები ესწრებოდნენ და ყველა თავის გამოჩენას ცდილობდა.
"ხუვენტუდთან" შეხვედრისას ბექას, როგორც "კახასოლის" ბომბარდირს, პერსონალური მეურვე მიუჩინეს, დანარჩენი ოთხი ხუვენტუდელი კი ზონაში იდგა. როგორც ზემოთ დავწერეთ, ასეთმა ტაქტიკამ "კახასოლის" მოწინააღმდეგისთვის შედეგი გამოიღო. ბურჯანაძის გუნდმა მეხუთე ადგილისთვის მატჩში "ტორეხონი" დაამარცხა.
სევილიელი ქართველი თავდამსხმელი თბილისში 11 ივნისს ჩამოფრინდა და ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოემზადება. 20-წლამდელთა თემას ამ თვეში კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით.
235 ქულით სევილიიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"