როგორც გითხარით, "პანათინაიკოსი" შეკრებას სერბეთში, ქალაქ ზლატიბორში გადის. ერთკვირიანი მზადების შემდეგ ბერძნებმა სეზონის პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს - "უჟიცეს" დაუპირისპირდნენ და 31 ქულის სხვაობით მოუგეს. თანაბრად ჩატარებული პირველი მეოთხედის შემდეგ "პანათინაიკოსის" კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური ფორით გავიდნენ - 46:28. მეორე ტაიმში "უჟიცე" თამაშის შემომტრიალებელი რომ არ იყო, ეს აშკარად ჩანდა. საფინალო სირენამ "პანათინაიკოსის" სასარგებლოდ ტაბლოზე 91:60 დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. "პანათინაიკოსის" სნაიპერი კალათესი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩაიწერა.
"მწვანეების" ოფიციალურ საიტზე გიორგი შერმადინის ნაუბარი გამოქვეყნდა:
- ეს ზაფხული მოვლენებით იყო დატვირთული. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ვითამაშე. სერიოზულ მეტოქეებთან თამაშში დიდი გამოცდილება შევიძინე. საბერძნეთში ჩამოსული ახალი ენერგიით შევუდექი ვარჯიშს.
გიორგიმ "პანათინაიკოსის" მზადებაზეც ილაპარაკა:
- ათენური შეკრების შემდეგ სერბეთში გავემგზავრეთ. აქაც ისეთივე ტემპით ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც საბერძნეთში დავიწყეთ. ვიცით, რომ რთული სეზონი გველის. ამიტომ მონდომებით ვემზადებით, რათა წარმატებებს აქედანვე ჩავუყართ საფუძველი.
შემდეგი კითხვა "პანათინაიკოსის" მიზნებს ეხებოდა...
- ყველას კარგად მოეხსენება, რა მიზნებს ისახავს ჩვენი გუნდი. ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ. რომელ ტურნირშიც ვთამაშობთ, ყველას მოგებას ვაპირებთ. ასე იყო გასულ წლებში და ამ სეზონშიც არაფერი შეიცვლება.
ბოლოს დავძენთ, რომ გიორგი შერმადინი "პანათინაიკოსში" კვლავ 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"