ვლადიმერ ბოისა: დეკემბერში ან იანვრის დასაწყისში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა კარიერას სლოვენიის "ოლიმპიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ სლოვენიურ გამოცემებს კლუბის ხელმძღვანელობამაც აცნობა და ბოისამაც დაუდასტურა.

სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნით, ჩემპიონატში თითოეულ გუნდს მინიმუმ შვიდი სლოვენიელი უნდა ჰყავდეს. ვოვას სლოვენიის პასპორტი აქვს და მწვრთნელიც გახარებულია - ადგილობრივების ლიმიტი ასეთი მაღალი დონის კალათბურთელით შევავსეთო.

ქართველი ფორვარდის დამატებას სლოვენიური გაზეთებიც დადებით ფაქტად ასახელებენ: ბოისა 17 წლიდან სლოვენიაშია, დიდი ხნის განმავლობაში იცავდა "ოლიმპიას" ღირსებას, ორი წელი კაპიტანიც იყო და ახალ სეზონში გუნდს საგრძნობლად გააძლიერებსო. მის გარდა ლიუბლიანელებს არაერთი ძველი ოლიმპიელი
დაუბრუნდა: ილიევსკი, მარკოტა, ოზბოლტი, ლორბეკი...

ახალ სეზონში "ოლიმპია" სამ ფრონტზე იბრძოლებს - ევროლიგაზე, ადრიატიკის თასსა და სლოვენიის ჩემპიონატში. ვოვა გუნდს ჯერ ვერ დაეხმარება, მას რეაბილიტაციისთვის კიდევ ორი თვე სჭირდება...

- მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუ ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართა, მოედანს დეკემბერში დავუბრუნდები. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თამაში 2011 წლის დამდეგსვე დავიწყო, - აცხადებს ბოისა.

206 სმ სიმაღლის ქართველმა თავდამსხმელმა "ოლიმპიაში" დაბრუნებას მცირე ისტორიული ექსკურსი წაუმძღვარა:

- ბოლო წლებში "ოლიმპიასთან" კონტრაქტის გაფორმებას არაერთხელ მივუახლოვდი, მაგრამ აქამდე სლოვენიაში დაბრუნება ვერ მოვახერხე. ლიუბლიანაში 17 წლისა გადმოვედი და მას მერე დიდი გამოცდილება შევიძინე. კარიერის კულმინაციისას მინდა, ჩემი გამოცდილება "ოლიმპიას" მოვახმარო. ლიუბლიანაში სახლი მაქვს, ოჯახი აქ ცხოვრობს. ასე რომ, შინ დავბრუნდი. იმედი მაქვს, აქ უფრო კარგად ვითამაშებ, ვიდრე ბოლო წლებში "ზადარში". შარშან ორი წინადადება მქონდა - ხორვატიის "ზადარიდან" და "ოლიმპიადან". მწვრთნელმა, ზმაგო საგადინმა ხორვატიაში სერიოზული გუნდი შექმნა, დიდი ამბიციებიც ჰქონდა და ამიტომ კარიერის "ზადარში" გაგრძელება გადავწყვიტე. მაშინვე ვთქვი, ადრე თუ გვიან სლოვენიაში აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი.
წლეულს ოლიმპიელებს გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ, ვიდრე შარშან. ამიტომ ბოისა, როგორც ყოველთვის, "ოლიმპიასთან" ერთად მაღალ მწვერვალებს შეეჭიდება.

- ევროპული დონის გუნდი გვყავს - ევროლიგაზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში გუნდი ჩვეული წარმატებებით ვერ გამოირჩა, სლოვენიაში მაინც პირველია. ხელმძღვანელობაცა და მწვრთნელებიც ბევრს შრომობენ და ვიმედოვნებ მათ კალათბურთელებიც სათანადოდ შევუწყობთ ხელს, - დასძენს ვლადიმერ ბოისა.

***

ბოლოს არანაკლებ საინტერესო თემაზე: სლოვენიური გამოცემა "სიოლის" ინფორმაციით, ბოისამ ესპანურ კლუბ "მენორკას" არბიტრაჟი მოუგო, რომლის მიხედვით გუნდმა კალათბურთელს 2008-09 წლების დავალიანება უნდა გადაუხადოს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული