ვლადიმირ ბოგოიევიჩი: გამყრელიძე ფასეული შენაძენია

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგისთვის ემზადება ლაშა გამყრელიძის "გისენი", რომელსაც ქართველმა გამთამაშებელმა თვის დამდეგს მიაშურა და, გერმენელი მიმომხილველების თქმით, კარგადაც მოერგო. რაც მთავარია, აქამდე ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში ლაშამ "გისენის" სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

მეტსიც, ბოლო შეხვედრაში "ბრაუნშვაიგის" დამარცხება მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ბოგოიევიჩმა ლაშა გამყრელიძეს მიაწერა:

- მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. ამ წარმატებით ხასიათი გამოვიკეთეთ. მინდა გამოვყო ქართველი გამყრელიძის თამაში, რომელიც გუნდს კარგად შეეწყო. იგი დაცვისას ძალიან სასარგებლო იყო, შეტევისას კი ტემპს კარგად აკონტროლებდა. როცა და როგორც საჭირო იყო, სიჩქარეს ისე უკლებდა და უმატებდა. იგი
შეტევების კარგი ორგანიზატორია. სასიამოვნოა, რომ ასეთი სასარგებლო კალათბურთელი დავიმატეთ.

"გისენმა" "ბრაუნშვაიგს," ფაქტობრივად, 30 წუთში მოუგო - მეოთხე პერიოდის წინ 66:46 დაწინაურდა, თუმცა ბოლო რაუნდში მეტოქემ სხვაობის შემცირება მოახერხა _ 82:75 "გისენის" სასარგებლოდ.

გამყრელიძემ 25 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო: 10 ქულა (ერთი სამქულიანი), 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა... ლაშაზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

უფრო ადრე ქართველი გამთამაშებლის გისენური დებიუტი მწვრთნელმა ასე შეაფასა:

- უკვე დავრწმუნდით, რა შეუძლია გამყრელიძეს. იგი გუნდისთვის ფასეული შენაძენია.
ახლა თავად კალათბურთელს მოვუსმინოთ, რომელსაც გისენში რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ახალი გუნდით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. "გისენში" კარგი სიტუაციაა და ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია.

- ბოლო მატჩში 10 ქულა ჩააგდე...
- კარგი თამაში გამოგვივიდა. მანამდე რამდენიმე შეხვედრა წავაგეთ და "ბრაუნშვაიგის" ძლევა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც სასარგებლო იყო.

- სასტარტო ხუთეულში ითამაშე?
- აქამდე ყველა მატჩი ხუთეულში დავიწყე. ალბათ, რეგულარულ ჩემპიონატშიც ასე იქნება.

- შემადგენლობის მიხედვით, რა შეიძლება ითქვას სამომავლო პერსპექტივებზე?
- საჩემპიონო გუნდი ნამდვილად არ გვყავს. პლეი ოფში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა იოლი არ იქნება.

- შარშან ამ დროს "მიტელდოიჩერთან" ერთად 2009-10 წლების სეზონისთვის ემზადებოდი. მაშინაც თითქმის იგივე მითხარი - ამ სეზონში გუნდისგან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ითხოვენ, პლეი ოფში გასვლა გაგვიჭირდებაო...
- ასე იყო. თუმცა, საბედნიეროდ, სეზონის დასაწყისში სხვა სურათი მივიღეთ - შესანიშნავად დავიწყეთ და პირველობის არაერთი ფავორიტი დავამარცხეთ. იმედია, წლეულსაც იგივე განმეორდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული