მეხუთე ქართველი NBA-ში - ახლა ყველაფერი თორნიკე შენგელიაზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
1998 წელს NBA-ს დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია აირჩიეს, 2002 წელს - ნიკა ცქიტიშვილი, 2003 წელს - ზაზა ფაჩულია, 2004 წელს ვიქტორ სანიკიძე.

მას მერე უქართველებოდ შვიდმა დრაფტმა ჩაიარა და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, 29 ივნისს, გამთენიისას, ნიუ ჯერსის "პრუდენშალ სენთერში" საჯაროდ გამოაცხადეს - "ფილადელფია 76-მა" 54-ე ნომრად ქართველი თორნიკე შენგელია აირჩიაო.

დრაფტის დასრულების შემდეგ ფილადელფიელებს "ბრუკლინ ნეთსის" (ყოფილი "ნიუ ჯერსი ნეთსი") ხელმძღვანელობა დაელაპარაკა და როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, გარკვეულ საფასურად თორნიკე დაათმობინა.

იმასაც წერენ, ქართველი ფორვარდისადმი გარკვეული ინტერესი "ნეთსის" მფლობელ მიხაილ
პროხოროვს
ჰქონდაო. ასე რომ, შენგელია ბრუკლინელია.

მზად ვარ
დრაფტის დასრულების შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა ქართველს ფართო აუდიტორიის წინაშე მოუწია გამოსვლა. რამდენიმე კითხვა ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

- თუ იყო ისეთი გუნდი, რომელში მოხვედრაც გსურდა?
- მოხარული ვარ, რომ "ფილადელფიამ" ამიყვანა. თუმცა ეს სხვა რომელიმე გუნდს რომ გაეკეთებინა, ცხადია, ასევე გახარებული ვიქნებოდი.

- ფილადელფიაში წინასადრაფტო ვარჯიშზე ხომ არ იყავი?
- არა.

- წინასწარ ხომ არ დაგლაპარაკებიან?
- არ გვისაუბრია, შესაძლოა, ჩემი თამაში ტრევიზოს კემპზე ნახეს და მას მერე დაინტერესდნენ.

- საბოლოოდ "ბრუკლინ ნეთსში" აღმოჩნდი. ამ გუნდზე რა იცი?
- შედარებით ახალგაზრდა შემადგენლობაა თავმოყრილი. ბევრი არაფერი ვიცი. ვერც ქალაქზე გეტყვით რამეს, ამერიკეში პირველად ვარ.

- გუნდს რით შეგიძლია დაეხმარო?
- ყოველთვის ვცდილობ გუნდს, სადაც ვთამაშობ, ენერგია შევმატო, შეტევაზეც ბევრს ვმუშაობ და დაცვაზეც. რასაც ჩემგან მოითხოვენ, ვეცდები მაქსიმალურად ზუსტად შევასრულო.

- ვის შეიძლება შევადაროთ თორნიკე შენგელია?
- ერთ-ერთ ამერიკული საიტზე ანდრეს ნოჩიონის მადარებდნენ. მე მანუ ჯინობილი მომწონს, მაგრამ მანამდე კიდევ მიკლია, გამოცდილება მჭირდება და ბევრი მაქვს სამუშაო სროლაზე.

ზაზა ფაჩულია: ბრუკლინი შენგელიას, ალბათ, დაიტოვებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა რამდენიმე საინტერესო კომენტარი...

თორნიკე შენგელია:
"ემოციურად ძალიან დატვირთული საღამო იყო. გახარებული ვარ, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა.

დრაფტი სამსაათნახევარს გაგრძელდა და წარმოიდგინეთ, როგორია, როცა ყოველი გვარის გამოცხადებისას ელოდები, რომ შენს გვარს ამოიკითხავენ.

დარბაზში 60-ზე მეტი კალათბურთელი იყო, რამდენიმეს არ გაუმართლა, რაზეც გული მეც დამწყდა.

ძნელია, როცა იქ ხარ და არც ერთი გუნდი არ აგირჩევს"
.

ზაზა ფაჩულია:
"კარგმა გუნდმა აირჩია. "ბრუკლინ ნეთსს" დიდი პოტენციალი გააჩნია. ბრუკლინელები, ალბათ, დაიტოვებენ შენგელიას, თუმცა მაინც ყველაფერი თორნიკეზეა დამოკიდებული.

იგი ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც კარგად უნდა წარმოაჩინოს თავი. მთავარია, დრაფტი წარმატებით დამთავრდა და ახლა თოკო ყველაფერს გააკეთებს, რომ NBA-ში თამაშის უფლება მოიპოვოს"
.

კახა შენგელია (თორნიკეს მამა, მისი ყოფილი მწვრთნელი):
"50-ს რომ გადასცდა, სერიოზულად ავნერვიულდით. მენეჯერი ამბობდა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ იყო. მისი თქმით, თორნიკე "ნიუ ორლეანს" უნდა აეყვანა, მაგრამ ასე არ მოხდა.

საბოლოოდ 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და ცოტა ხანში გაირკვა, რომ თორნიკეს 55-ე არჩევანის მქონე "დალასი" ელოდებოდა.

თოკოს მენეჯერ გაი ცუკერს დაურეკეს გულნატკენმა დალასელებმა - "ფილადელფიამ" წამებით დაგვასწროო"
.

ლევან მიქელაძე (თორნიკეს აგენტი):
"მინდა მივულოცო მთელს საქართველოს და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც თორნიკე შენგელიას კალათბურთელად ჩამოყალიბებაში შრომა ჩადო.

ჩვენი გეგმა ასეთია: შენგელია მონაწილეობას მიიღებს 9-დან 12 ივლისამდე ორლანდოში დაგეგმილ საზაფხულო ლიგაში. სწორედ ლიგის დასრულების შემდეგ დაიწყება "ბრუკლინ ნეთსთან" კონტრაქტის გაფორმების საკითხი.

მთავარია, თორნიკემ თავი გამოიჩინოს. "ნეთსი" რუს მილიარდერ მიხაილ პროხოროვის გუნდია, რომელიც NBA-ს კლუბთა მფლობელებს შორის ყველაზე მდიდარია. შესაბამისად, "ბრუკლინს" დიდი ამბიცია აქვს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული