აგენტი: თორნიკე შენგელიას ევროპაში გაშვებას ნუ ვიჩქარებთ

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გვარი გაზეთ "ნიუ იორკ პოსტშიც" გამოჩნდა. ჟურნალისტ ტიმ ბონტემპსის სტატიას ასე ჰქვია - "ბრუკლინის" ახალწვეული შენგელია საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს".


"დრაფტის საღამოს "ბრუკლინ ნეთსმა" "ფილადელფიადან" თორნიკე შენგელია რომ გადაიყვანა, ბრუკლინელთა გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა თქვა - მოსალოდნელია, ქართველი ფორვარდი მეტი გამოცდილების მისაღებად კვლავ ევროპაში დაბრუნდეს და შემდეგ დაგვემატოსო.

შენგელიას აგენტი, გაი ცუკერი კი საქართველოს ნაკრების ფორვარდის ევროპაში დაბრუნებას არ ჩქარობს - თორნიკემ ჯერ საზაფხულო ლიგაში უნდა ითამაშოსო. მომდევნო კვირას ორლანდოში გამართულ კემპზე შენგელია "ბრუკლინ ნეთსის" ღირსებას დაიცავს.

- ვიცი,
"ნეთსის" ხელმძღვანელობა კალათბურთელის ევროპაში დროებით გაშვებას აპირებს, მაგრამ ვფიქრობ, აჩქარება საჭირო არ არის.

უმჯობესია, გადაწყვეტილება ორლანდოს საზაფხულო კემპის დასრულების შემდეგ მივიღოთ, - ამბობს ცუკერი და განაგრძობს: - ბრუკლინელებს აქამდე საშუალება არ ჰქონიათ, უშუალოდ ვარჯიშზე მიედევნებინათ თვალი თორნიკესთვის. არც მწვრთნელები შეხვედრიან ახალგაზრდა ფორვარდს.

ვფიქრობ, გუნდის დამრიგებლებისთვისაც საინტერესო იქნება ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე თორნიკეს გამოცდა. სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დაბრუნდება თუ არა შენგელია ევროპაში.

გაი ცუკერი ასევე ამბობს, რომ 20 წლის ქართველს მოქმედი კონტრაქტი აქვს ბელგიურ "შარლერუასთან" და კლუბის ხელმძღვანელობასაც აინტერესებს, შენგელია ამერიკაში რჩება თუ არა. აგენტს კლიენტისა ეიმედება:

- მჯერა, რომ საზაფხულო ლიგაზე შენგელია ყველასთვის საინტერესო იქნება. აუცილებელია მისი საქმეში ნახვა.

თორნიკე იმ ტიპის ადამიანთა კატეგორიიდანაა, რომლებიც წყალში გადაგდების შემდეგ მძლავრად მოუსვამენ ხელს, დიდებულად მუშაობენ და ძალიან ლაღად ცურავენ. არის კატეგორია, რომელიც წყალში მოხვედრის შემდეგ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორმე ნაპირზე გამოვიდეს.

ცუკერი შედარებასაც აკეთებს:

- საინტერესოა შენგელიას ადამ მორისონთან და ჯულიან რაითთან (გასულ წლებში დრაფტზე მაღალ პოზიციებზე არჩეულები) ერთად საზაფხულო კემპზე ხილვა.

ვნახოთ ერთი, რომელი აჯობებს ქართველ ფორვარდს. მისი დაძლევა ხომ არცთუ იოლია.

როგორც ხედავთ, თორნიკე შენგელიას აგენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი. "ბრუკლინის" ახალწვეული, მართალია, ჯერ 21 წლისაც არ არის, მაგრამ ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

პროფესიული კარიერა ესპანეთში დაიწყო, საიდანაც ბელგიაში გადავიდა და გასულ სეზონში "შარლერუას" ღირსებას იცავდა. ამ გუნდმა ბელგიის ჩემპიონის ტიტული გადამწყვეტ მატჩში "ოოსტენდესთან" ბოლო წამებზე დათმო. ამ შეხვედრაში ქართველმა 14 ქულა ჩააგდო (9-დან 6 ორქულიანი).

"შარლერუასთან" ერთად შენგელია ევროლიგაზეც წარმატებით გამოდიოდა, საშუალოდ 7.6 ქულა 12 მატჩში.

2011 წელს იგი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საუკეთესო იყო - საშუალოდ 30 ქულა და 12 მოხსნა...

ვნახოთ, რა შედეგს უჩვენებს 207 სმ სიმაღლის თავდამსხმელი ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე. მის გვერდით "ბრუკლინის" შემადგენლობაში ძველი ნაცნობი იქნება - ტორინ გრინი, რომელიც 2010 წელს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

როგორც ამბობენ, გრინის გარდა, შემადგენლობაში გამოჩნდებიან ადამ მორისონი და ელ თორნტონი. განაცხადს ასევე შეავსებენ NBA-ში გამოცდილი კალათბურთელები იოჰან პეტრო, ჯორდან ფარმარი, ჯორდან უილიამსი, ენტონი მოროუ, რომლებიც ახალბედებს დაეხმარებიან.

დადგინდა ორლანდოს საზაფხულო კემპის კალენდარიც. შეჯიბრება "ემვეი სენთერში" 9 ივლისს დაიწყება და 13-ში დასრულდება. მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ორლანდო მეჯიქი", "ბრუკლინ ნეთსი", "ბოსტონ სელტიქსი", "ფილადელფია სიქსერსი", "იუტა ჯაზი", "ოკლაჰომა თანდერი", "ინდიანა პეისერსი" და "დეტროიტ პისტონსი".

"ბრუკლინი" სადებიუტო მატჩს მასპინძელ "ორლანდოსთან" გამართავს. შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება. 10-ში შენგელიას თანაგუნდელები "ბოსტონს" დაუპირისპირდებიან, 11-ში - "ფილადელფიას", 12-ში - "ოკლაჰომას", ხოლო 13-ში - ინდიანას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული