სტატია გაზეთ NEIGHBOR NEWSPAPER-ში: ვინ არის ზაზა ფაჩულია?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსს" პლეი ოფში ვერ დაეხმარა, ფეხი აწუხებდა.

მაისის შემდეგ იგი მკურნალობდა და როგორც სანაკრებო პრესკონფერენციაზე გვითხრეს, იგი ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. რამდენად მალე, მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ზაზას მდგომარეობა ამერიკელებსაც ძალიან აინტერესებთ. გამოცემა "ჰუპსვორლდის" კორესპონდენტმა "ატლანტას" სამომავლო გეგმებზე წერისას ხაზი გაუსვა, რომ ფაჩულიას გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აქვს და მომავალ სეზონში ჯორჯიელებს მისი იმედი უნდა ჰქონდეთ.

კორესპონდენტმა ასევე გაიხსენა, რომ ზაზამ ფეხის ტრავმის გამო "ბოსტონთან" საპლეიოფო დაპირისპირებები გამოტოვა და კალათბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაეკითხა.

- თავს უკეთ
ვგრძნობ, ფეხი აღარ მაწუხებს. რადგან სეზონთშორისი პერიოდია, დატვირთვებს ვერიდები, არ ვჩქარობ და ექიმებთან გავდივარ კონსულტაციებს. ამჟამად ტრენაჟორებთან და ველოსიპედზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, რამდენიმე კვირაში მოედანზე გავალ,
- ამბობს ზაზა ფაჩულია, რომელსაც "ატლანტა ჰოქსთან" ოთხწლიანი ხელშეკრულება 2013 წლის ზაფხულში ეწურება.

კალათბურთელი, ბიზნესმენი, მეოჯახე
გაზეთ NEIGHBOR NEWSPAPER-ში ზაზა ფაჩულიას შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. ჟურნალისტი დავიდ რუისი პუბლიკაციას შეკითხვით იწყებს: ვინ არის ზაზა ფაჩულია? თავადვე პასუხობს:

"ატლანტა ჰოქსის" ცენტრია. თუმცა მხოლოდ ცენტრი როდია - ქალაქ ატლანტას ერთ-ერთი გამორჩეული მკვიდრია. ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია "ატლანტას" 2005 წელს შეუერთდა და მას მერე ეს ქალაქი მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 28 წლის ზაზა კალათბურთელიცაა, ბიზნესმენიც და მეოჯახეც.

მან სახელი საქვეყნოდ 2008 წელს გაითქვა, როცა NBA-ს პლეი ოფში სუპერვარსკვლავ კევინ გარნეტს გაწევ-გამოწევაში არაფერი დაუთმო. მას მერე ქართველმა მტკიცე დამცველისა და კარგი მომხსნელის რეპუტაცია შეიძინა.

2011-12 წლების სეზონში "ატლანტას" სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმა მხრის ტრავმა მიიღო, რის შემდეგ მისი ადგილი ზაზა ფაჩულიამ დაიკავა და საშუალოდ 7.8 ქულასა და 7.9 მოხსნას აგროვებდა. "ატლანტამ" რეგულარულ ეტაპზე 66-დან 40 მატჩი მოიგო და პლეი ოფში ზედიზედ მეხუთედ ითამაშა.

- მწვრთნელები და თანაგუნდელები ჩემგან მოედანზე ენერგიის შეტანას, ფარქვეშ მტკიცედ დგომას ელიან. დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება ისეთი ცენტრების მეურვეობისას, როგორიცაა დუაით ჰოვარდი. ვცდილობ, გუნდს ბოლომდე გამოვადგე, - ამბობს ზაზა ფაჩულია.

კემპი
იგი საკალათბურთო კარიერის პარალელურად მომავალზეც ფიქრობს. ქართველმა ცენტრმა ერთი კვირა დაუთმო "ატლანტა ჰოქსის" მიერ ორგანიზებულ ბავშვთა საზაფხულო კემპს, ხოლო მომდევნო კვირას ჩრდილოეთში გაფრინდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიზნესსემინარს დაესწრო.

- ჩვენი კემპისთვის სწორედ ფაჩულიასნაირი კალათბურთელი გვჭირდებოდა. მას საკმარისი გამოცდილება აქვს და ახალგაზრდებთან ურთიერთობაც შეუძლია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოედნის გარეთ სისულელეებს არ სჩადის, - კმაყოფილია საზაფხულო კემპის ორგანიზატორი კიმ კოულმენი.

- მახსოვს, NBA-ს ერთ-ერთი კემპისას ვლადიმერ სტეფანიამ რჩევა მომცა, რომელიც დღესაც ნათლად მახსოვს. იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები პატარა კალათბურთელებს მომავლისთვის გამოადგებათ. ყოველთვის ვცდილობ, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო. საქმე ხომ ჩვენს მომავალს ეხება, - ეს ფაჩულიას სიტყვებია.

ბიზნესი
ზაზა სემინარებს ბიზნესის თემაზე აქამდეც დასწრებია, თუმცა ამას მხოლოდ სამომავლოდ როდი აკეთებს - სადღეისოდ ატლანტაში მართავს საკუთარ რესტორანს სახელწოდებით BUCKHEAD BOTTLE BAR.

- ვფიქრობ, გამოცდილებითა და სპეციალური განათლებით დადებითი შედეგის მიღება შეიძლება, - აცხადებს კალათბურთელი, - თუნდაც ისე, როგორც კემპისას: მართალია, ღონისძიებას მწვრთნელის სტატუსით ვესწრებოდი, მაგრამ ახალგაზრდებთან და სხვა მწვრთნელებთან ურთიერთობაში მეც ბევრი ვისწავლე. ასევე ღირებულია პროფესორ-მეცნიერებისგან მიღებული ცოდნა.

ტრავმა

სამწუხაროდ, ვერანაირი ცოდნა და გათვლა ვერ აღუდგება წინ ტრავმებს, რომლის გამო ზაზა ფაჩულიამ "ბოსტონ სელტიქსთან" მნიშვნელოვანი სერია ვერ ითამაშა. ეს მტკივნეული საკითხია 210 სმ სიმაღლის ცენტრისთვის:

- სამწუხაროა, რომ ტრავმა მაინცდამაინც სეზონის ბოლოს მივიღე. ყველა სპორტსმენი მაქსიმალურად ემზადება იმ მომენტისთვის, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. დასანანია, რომ ტრავმის გამო სწორედ პლეი ოფის გამოტოვება მომიწია. თუმცა, ვერაფერს შევცვლით, ეს ცხოვრების, თამაშის ნაწილია.

ივლისი
კალათბურთელი იმედოვნებს, რომ მალე შეუდგება ვარჯიშს. ზაზა ფაჩულიას სიხარულისთვის სხვა მიზეზიც აქვს: მისი მეუღლე თინა ივლისში მესამე ბავშვს ელოდება, პირველ გოგონას. ზაზას უფროსი ვაჟი დავითი სამი წლისაა, ხოლო მეორე, საბა - 2 წლისა.

82+

გასული სეზონი ზაზა ფაჩულიასთვის ორმაგად შეკვეცილი იყო: ჯერ ლოკაუტმა (გაფიცვამ) ჩამოაჭრა ათეულობით თამაში, შემდეგ ტრავმის გამო ქართველი კალათბურთელი გუნდს ბოლო შეხვედრებში ვეღარ დაეხმარა. იგი იმედოვნებს, რომ "ატლანტაში" კონტრაქტის მიხედვით დარჩენილ ბოლო სეზონში 82+ თამაშს ჩაატარებს. რეგულარულ ეტაპზე სწორედ 82 შეხვედრაა. ამას პლეი ოფი უნდა მოჰყვეს...

- ატლანტა ჩემი სახლია. შვიდი წელია აქ ვცხოვრობ. დიდ პატივს ვცემ ყველა ატლანტელს, გუნდის ქომაგს და ძალიან მინდა "ჰოქსში" დარჩენა. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ კალათბურთი ბიზნესია. 2013 წლის ზაფხულში გუნდთან კონტრაქტი მიმთავრდება და შეიძლება სხვაგან მომიწიოს გადაბარგება.

ეს რთული იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ჯერ აქ ვარ და "ატლანტას" მაისურით კიდევ ერთ სეზონს ჩავატარებ. იმედი მაქვს, საინტერესო სეზონი გამოვა და გუნდი წარმატებით იასპარეზებს, რაშიც ჩემი წვლილიც იქნება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული