რის მონადირებას აპირებს ვიქტორ სანიკიძე სიენას "მონტეპასკიში"?

AutoSharing Option
ერთი კვირის წინათ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიურ გრანდ "მონტეპასკისთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

ამ და სანაკრებო თემებზე ვიქტორმა ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის ამომწურავად ილაპარაკა, თუმცა, ერთია საქართველოდან დანახული იტალია, მეორე - იტალიიდან დანახული სანიკიძე.

ვფიქრობთ, გამოცემა "ტუტობასკეტზე" გამოქვეყნებული სტატია ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს, რომლის სათაურია: "სანიკიძის პირველი სიტყვა".

"26 წლის ქართველი თავდამსხმელი ვიქტორ სანიკიძე სამი წელიწადის განმავლობაში ბოლონიის "ვირტუსში" გამოდიოდა, ახალი სეზონიდან კი სიენის "მონტეპასკის" ღირსებას დაიცავს. აი, რა გვითხრა ვიქტორმა, როცა საქართველოში დავუკავშირდით:

- მოხარული ვარ. "მონტეპასკის" დონის გუნდის
მაისურის მორგება ჩემთვის დიდი პატივია. სიენელებს შესანიშნავი ორგანიზაცია აქვთ, რის წყალობითაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ექვსჯერ მოიგეს იტალიის ჩემპიონატი.

2012-13 წლების სეზონისთვის სიენელთა გუნდში ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი სწორედ სანიკიძე უნდა იყოს...

- დარწმუნებული ვარ, "მონტეპასკი" მომავალ სეზონშიც ძველებურად ძლიერი და ამბიციური იქნება. ვეცდები, წარმატებაში წვლილი მეც შევიტანო.

გუნდის შემადგენლობა ახლა იკრიბება, თუმცა ზოგიერთს კარგად ვიცნობ. მაგალითად, "ვირტუსში" დევიდ მოსის გვერდით ერთი წელი ვითამაშე. ესტონელი კრისტიან კანგურის წინააღმდეგ ესტონეთის პირველობაზე არაერთი მატჩი ჩამიტარებია.


როცა ვიქტორ სანიკიძემ ბოლონიის "ვირტუსთან" ერთად 2011-12 წლების სეზონი დაასრულა, განაცხადა - ისეთ გუნდში წავალ, რომელიც ევროლიგაზე ითამაშებსო. მას იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ ორმაგი დუბლი ჰქონდა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ნომერ პირველ საკლუბო შეჯიბრებაში, ევროლიგაზე თამაშს, რომლის გამოცდილება სანიკიძეს ჯერ არა აქვს.

- რაც უნდა კარგი კალათბურთელი იყო, თუ შესაძლებლობები ევროლიგაზე არ გაქვს დამტკიცებული, ითვლება, რომ კარიერაში მაინც რაღაცა დაგაკლდა. ეს ხომ ევროპის მთავარი საკლუბო შეჯიბრებაა, რომელშიც ტოპ-კლუბები მონაწილეობენ.

სწორედ ევროლიგაა აუცილებელი ზრდის, გამოცდილების მიღებისა და სრულყოფისთვის.

ბოლო სამი წელია, სანიკიძისა და "მონტეპასკის" გზები ხშირად იკვეთება. ბოლონიის "ვირტუსის" შემადგენლობაში სიენელთა წინააღმდეგ უთამაშია როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე თასსა და სუპერთასზე. ასე რომ, ქართველი სიენურ პუბლიკას კარგად იცნობს.

- "მონტეპასკის" მხურვალე ქომაგი ჰყავს, რომელიც გუნდს სტუმრადაც დაჰყვება და ენერგიულად გულშემატკივრობს. იმედი მაქვს, თეთრ-მწვანეთა ქომაგების გულებსაც მოვინადირებ.

ბოლო წლებში ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა "ვირტუსის" ქომაგთან. მათ ვერ დავივიწყებ, თუმცა სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც ისევე ხშირად გვიწევს, როგორც გუნდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიქტორ სანიკიძე: ნაკრებმა თბილისში ყველა თამაში უნდა მოიგოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული