NBA-ს სხვა გუნდების მსგავსად, ახალი სეზონისთვის მზადებას "ატლანტა ჰოქსიც" შეუდგა. ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები ჯერ ჟურნალისტებს შეხვდნენ, მეორე დღეს კი მოედანზე გავიდნენ და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაირაზმნენ.
შეგახსენებთ, რომ 2009-10 წლების სეზონის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი. იგი მისივე ასისტენტმა ლარი დრიუმ შეცვალა. ვუდსონი გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიას კი ენდობოდა, მაგრამ საშუალოდ 14 წუთს ათამაშებდა. ზაზას ლარი დრიუს იმედი აქვს:
- ეს სპეციალისტი მანამდე სათადარიგოებთან მუშაობდა. შესაბამისად, კარგად იცის ჩვენი შესაძლებლობები. იმედი მაქვს, ლარი დრიუ ყველას სათანადო ფუნქციას მიუჩენს
პირველი ვარჯიშის შემდეგ ბატონი დრიუ კმაყოფილი ჩანდა:
- კალათბურთელები შეკრებაზე მომზადებულები გამოცხადდნენ. ეს საქმეს გაგვიადვილებს, ფორმაში შედარებით მალე შევალთ. ახლა მძიმე ვარჯიშები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ოფიციალურ შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით. ყველა მონდომებულია.
მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას პლეი ოფიც ახსენა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თავად ლარი დრიუსაც მოეხსენება: მაიკ ვუდსონი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ პლეი ოფის მეორე ეტაპი ვერ გადალახა. დრიუსგან ხელმძღვანელობა არანაკლებ წარმატებას ელის...
გასულ სეზონში "ატლანტა ჰოქსს" ორი კაპიტანი ჰყავდა: ჯო ჯონსონი და მაიკ ბიბი. ახალმა მწვრთნელმა კაპიტნობა სამ კალათბურთელს ჩააბარა - ჯო ჯონსონს, ელ ჰორფორდს და ჯოშ სმიტს.
ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები საგამოფენო მატჩებს 7 ოქტომბერს დაიწყებენ - "მემფის გრიზლისს" დაუპირისპირდებიან. საკონტროლო შეხვედრების განრიგს ბოლოს შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ ჯორჯიელები NBA-ს მორიგ სეზონს 27 ოქტომბერს გახსნიან. სადებიუტო მატჩში "ჰოქსი" "მემფისს" ესტუმრება.
დაპირებისამებრ, საგამოფენო მატჩების განრიგს გაგაცნობთ:
7 ოქტომბერი
ატლანტა-მემფისი
11 ოქტომბერი
დეტროიტი-ატლანტა
12 ოქტომბერი
ვაშინგტონი-ატლანტა
16 ოქტომბერი
ნიუ ორლეანი-ატლანტა
18 ოქტომბერი
ატლანტა-ორლანდო
21 ოქტომბერი
ატლანტა-მაიამი
22 ოქტომბერი
შარლოტი-ატლანტა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"