გრინის გზა: მარკოიშვილთან ავა თუ ცინცაძესთან ჩავა?

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ევროთასის განთესილთა შორის მოხვდა, ჯგუფშია და მეტოქეებს ელის. ასევე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი", ოღონდ _ ევროჩელენჯზე.

ტორინ გრინის "გრან კანარია" საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის "ზაგრებს" შეხვდა, ამ წყვილში გამარჯვებული ევროთასზე გადავა, ხოლო დამარცხებული ევროჩელენჯზე ითამაშებს. ასე რომ, გრინი ამ სეზონში ან მარკოიშვილთან ერთად ევროთასზე იასპარეზებს, ან ცინცაძესთან - ევროჩელენჯზე.

"ზაგრებთან" პირველი მატჩი ესპანურმა "გრან კანარიამ" სტუმრად ითამაშა და ორი ქულის სხვაობით დამარცხდა - 69:71.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდაო, სწორედ ასეთ შეხვედრებზეა ნათქვამი. მეორე პერიოდი კანარის კუნძულელებმა
20:11 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ფორით გავიდნენ (40:29). მესამე ათწუთეული "ზაგრებისა" იყო - 20:11. ბოლო რაუნდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, სირენამდე 5 წუთით ადრე ესპანელები სავანემ 63:61 დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა 10:2 გაქცევა მოაწყვეს და _ 71:65. ტორინ გრინის თანაგუნდელებმა სხვაობა 2 ქულამდე მატჩის ბოლო 40 წამში შეამცირეს.

გრინი სასტარტო ხუთეულში იყო, 18 წუთი ითამაშა და 6 ქულას თითო მოხსნა-პასი მიამატა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა, 4-დან კი 3 ორქულიანი გამოიყენა.

მატჩის ბომბარდირი მარიო კასუნი გახდა - 17 ქულა ჩააგდო. პრესკონფერენციაზე კმაყოფილი იყო სტუმართა მწვრთნელი პედრო მარტინესი:

- რთული ბრძოლა გადავიტანეთ. "ზაგრებმა" აგრესიულად ითამაშა და მისი ძლევა ძალიან გაგვიჭირდა. ამის მიუხედავად, ორქულიანი წაგებით მაინც კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ გადაწყდება.
"გრან კანარიასა" და "ზაგრების" განმეორებითი მატჩი 6 ოქტომბერს ესპანეთის კუნძულოვან მხარეში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული