"ჯორჯიელთა ვარჯიშებზე განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან ცენტრები ჯეისონ კოლინზი და ზაზა ფაჩულია. წინასწარი ვარაუდით, მათ ახალ სეზონში დიდი დატვირთვა ექნებათ.
მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუს გადაწყვეტილი აქვს "მაღალი შემადგენლობის" დაყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო ხუთეულში ცენტრად ზაზა ფაჩულია ან ჯეისონ კოლინზი
"მაღალ შემადგენლობასთან" დაკავშირებით ჯეისონ კოლინზი აცხადებს:
- დიდებული გადაწყვეტილებაა. ელ ჰორფორდი კარგი მძიმე ფორვარდია, ხოლო ჯოშ სმიტი ძალიან არ დაიტვირთება და ძალებს პლეი ოფისთვის შეინახავს.
გასულ სეზონში ცენტრი ელ ჰორფორდი იყო, რომელსაც ზაზა ფაჩულია ცვლიდა. თუმცა ქართველ ცენტრს ვუდსონი მცირე სათამაშო დროს აძლევდა - საშუალოდ 14 წუთს. ზაზას ეიმედება, რომ ახალი მწვრთნელი სტრატეგიას წინახაზელთათვისაც შეცვლის:
- ჩემთვის ძნელი იყო სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და მოლოდინი. ცოტას ვთამაშობდი არა მხოლოდ შარშან, არამდე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში. ახლა კი თავს კარგად ვგრძნობ, იმედიანად ვარ. ვარჯიშებს სათანადოდ მომზადებული შევხვდი, შესანიშნავი ზაფხული მქონდა...
ფაჩულია აგვისტოში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაშობდა. იგი იმ გუნდის კაპიტანი იყო, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში გუნდურ სახეობებათაგან პირველმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ზაზამ NBA-ში ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ (2003-04) დიდი გამოცდილება შეიძინაა და ფიქრობს, რომ "ატლანტას" ახალი მწვრთნელი ლარი დრიუ ნდობას გამოუცხადებს:
- თვითდაჯერება დამიბრუნდა. არცთუ წარმატებული შარშანდელი სეზონის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ და საბრძოლველად მზად ვარ. ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა. ხასიათი მას შემდეგ უფრო გამომიკეთდა, რაც მწვრთნელ ლარი დრიუს ველაპარაკე. მან პირველივე დღეს გვითხრა, რომ ის არ განმეორდება, რაც გასულ სეზონში იყო..."
რას შეცვლის ახალი მწვრთნელი "ატლანტას" თამაშში, 7 ოქტომბერს ვნახავთ. ამ დღეს "ჰოქსი" საგამოფენო მატჩში "მემფისს" დაუპირისპირდება.