გიორგი ცინცაძემ როკს ვერ უშველა

AutoSharing Option
ბალტიის თასის ფინალში ლიტვური "რიტასის" ძლევის შემდეგ ესტონური "ტარტუ როკი" შვედეთში თავდაჯერებული ჩავიდა. ცინცაძის თანაგუნდელებს ნორჩოპინგში "დელფინებთან" ბალტიის ლიგის გახსნითი მატჩი უნდა ეთამაშათ.

 


"როკერთა" მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გაამწესა და სწორედ ქართველი გამთამაშებლის სამი შედეგიანი გადაცემის შემდეგ სტუმრებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 12:2.


პირველი პერიოდის ბოლოს შვედებმა ნაკრების წევრ კიელბომის აქტიურობით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა დიდი შესვენების მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა მოედანზე დაბრუნებული ცინცაძე. მისი 6 ქულის და ერთი პასის შედეგად "როკმა" პირველი ტაიმი 47:37 მოიგო. მესამე

პერიოდზე სათქმელი ბევრი არაფერია, მეოთხეში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა, რომ იტყვიან, ესტონელებმა მოგებული მატჩი წააგეს: იანარ ტალტსის 7 ქულას "ბუმ" ორი მიამატა და ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე "როკი" იმ ანგარიშით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრებმა თბილისში პორტუგალია რომ დაამარცხა - 73:57. შვიდ წუთში 16-ქულიანი ფორის განიავება "როკერთა" თავკაცს წარმოუდგენლად ეჩვენა და ცინცაძის დასვენება გადაწყვიტა - მის ნაცვლად სოკი შეიყვანა. მომდევნო ოთხ წუთში შვედებმა დიდი გაქცევა მოაწყვეს (15:3) და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (72:76). სწორედ ამის შემდეგ დააბრუნა მწვრთნელმა ქართველი პლეიმეიქერი, თუმცა ათამაშებული მეტოქეების შეჩერება ვეღარც ცინცაძემ მოახერხა... ძირითადი დროის დასრულებას წამი უკლდა, როცა მასპინძელმა აიუბამ ანგარიში გაათანაბრა (76:76) და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა.

მეხუთე პერიოდის ბოლოს ცინცაძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო - ოვერტაიმში "როკერებს" ძალა აღარ ეყოთ და 88:97 დამარცხდნენ.

შვედების გამარჯვება პირველ რიგში იოაკიმ კიელბომის დამსახურებაა, რომელმაც 27 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. როკერთაგან ყველაზე სასარგებლო გიორგი ცინცაძე და კალისტას ეზიუკვე იყვნენ. კამერუნელმა 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, "ბუს" მონაგარი აეთი იყო: 27 წუთი, 12 ქულა, 5-5 მოხსნა-ჩაჭრა, 7 პასი. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის წინ გამოქვეყნდა "ტარტუ როკის" თავკაცის ინდრიკ ვესპაანუს ინტერვიუ. ერთგან კითხვა-პასუხი მთლიანად ცინცაძეს ეძღვნება:
- ცინცაძე მრავალმხრივი კალათბურთელია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დიდი გამოცდილება აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ემოციური მოთამაშეა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მისი ემოციურობა გუნდს მხოლოდ დადებით მუხტს შემატებს.

ქართველი უკანახაზელის მთავარი პლუსი ისაა, რომ მთელ გუნდს ათამაშებს. სადღეისოდ შეიძლება, ახლა იგი ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ეს დროის ამბავია – დღითიდღე უმატებს და გუნდისთვის მეტი სარგებელი მოაქვს.

ბალტიის ლიგაში მორიგ მატჩს "როკი" 5 ოქტომბერს ჩაატარებს - ლატვიურ "ვალმეირას" ტარტუში მიიღებს. ეს ტურნირი წლეულს განსხვავებული სისტემით ტარდება: ორი გრანდი, "რიტასი" და "ჟალგირისი" პირველ ჯგუფურ ტურნირში არ მონაწილეობენ. ისინი შეჯიბრებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. პირველ ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი წრიული სისტემით საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის.

***

ესპანეთის ჩემპიონატი "ესტუდიანტესი"-"რეალის" მატჩით გაიხსნა. სტუდენტთა ახალწვეულმა ტაირონ ელისმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 19 წუთი ითამაშა და ეფექტურობით ვერ გამოირჩა - 1 ქულა, 2 პასი.

მადრიდულ დერბიში "რეალმა" 84:79 იმარჯვა.

ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო" კვირას მის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადას" ეწვევა. ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდი" დღეს "კახასოლს" ეთამაშება, ხოლო ტორინ გრინის "გრან კანარია" პირველ ტურში ისვენებს. კუნძულელები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან - 6 ოქტომბერს ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიულ "ზაგრებს" დაუხვდებიან.

 



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული