გიორგი შერმადინი მოსკოვში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა" ალექსანდრ გომელსკის მემორიალი ითამაშა. ნახევარფინალში ბერძნები ლიტვის "ჟალგირისს" დაუპირისპირდნენ და 70:76 წააგეს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი სერბულ "პარტიზანს" მოუგეს - 73:68.

"პანათინაიკოსის" თავკაცი ჟელკო ობრადოვიჩი სეზონის წინ ექსპერიმენტებს მიმართავს, რაც პირველ რიგში გუნდის წინა ხაზს ეხება. მან ამასწინანდელ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ტანმაღალი კალათბურთელების მდიდარი არჩევანი აქვს და მოსკოვურ ტურნირზე გამოჩნდა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის რა ფუნქციას დააკისრებს. ობრადოვიჩმა "ჟალგირისთან" მატჩის სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი დააყენა და 16 წუთი ათამაშა. ქართველმა გოლიათმა 4 ქულა, 3 მოხსნა და
თითო ჩაჭრა-დაფარება "გამოადნო". მან 2-2 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. გიორგიმ ერთი სამქულიანიც ისროლა (არაზუსტი იყო).

მესამე ადგილისთვის მატჩში რუსულ საიტებზე გიორგი შერმადინის გასწვრივ 18 ქულა ეწერა. მაგრამ ვიდრე გაგიხარდებოდეთ, გეტყვით, რომ რუსები შეცდნენ. მათ განაცხადში გვარი აერიათ და ვუგიუკასის ნაცვლად შერმადინი დაწერეს. ასე რომ, ის 18 ქულაც ვუგიუკასის კუთვნილებაა. გიორგი განაცხადში ვერ მოხვდა. მწვრთნელმა არც გამოცდილი მეფარე მაიკ ბატისტი დატვირთა - 5 წუთი ათამაშა.

რა ადგილს დაიკავებს გიორგი შერმადინი ამ ფორმაციის "პანათინაიკოსში", შეიძლება, თავად ობრადოვიჩმაც არ იცის. დაველოდოთ ოფიციალურ შეხვედრებს და ყველაფერი მაშინ გამოჩნდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული