მანუჩარ მარკოიშილის ზედიზედ მეორე ტიტული

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა ბოლო 8 დღეში მეორე ტიტული მოიგო. მისი "კანტუ" "ვიტო ლეპორეს" თასის მფლობელი გახდა. ფინალში კანტუელები მერაბ ბოქოლიშვილის "ეარ აველინოს" დაუპირისპირდნენ. ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" "პორტო სან ელპიდიოს" ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. იტალიის მეორე ლიგაში პირველი ტური ითამაშა ნიკა მეტრეველმა...

***

დავიწყოთ მანუჩარ მარკოიშვილით, რომელმაც "ვიტო ლეპორეს" თასის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ფინალში "კანტუ" მასპინძელ "ეარ აველინოს" შეხვდა. გამარჯვებული უკანასკნელ წამებზე გამოვლინდა - კანტუელებმა გადამწყვეტ მომენტში საჯარიმოები მასპინძლებზე უკეთ ისროლეს და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს 74:73.

"კანტუმ" წარმატებას გუნდური თამაშის წყალობით
მიაღწია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: 5 კალათბურთელის მონაგარი 15-დან 9 ქულამდე მერყეობდა. ყველაზე მეტი ბელგიელმა ტაბუმ ჩააგდო _ 15, ლეუნენმა ერთით ნაკლები, ხოლო მარკოიშვილმა 13 ქულა მიითვალა.

შეხვედრის განაცხადში იყო ახალგაზრდა ქართველი მერაბ ბოქოლიშვილი, თუმცა "აველინოს" მწვრთნელმა იგი მოედანზე არ შეიყვანა.
"ვიტო ლეპორეს" თასის ნახევარფინალში "კანტუს" მეტოქე "ბიელა" იყო. მანუს თანაგუნდელებმა ფაქტობრივად პირველივე მეოთხედში გადაწყვიტეს ფინალში გამსვლელის ბედი, საწყისი 10 წუთი 30:12 მოიგეს და მატჩი მშვიდად მიიყვენეს გამარჯვებამდე - 86:74.
მარკოიშვილმა 16 ქულა ჩააგდო, თუმცა შეხვედრის ბომბარდირობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაზე მეტი, 30 ქულა ბიელელმა სლაუთერმა მოაგროვა. "კანტუს" კი გრინი გაუძღვა - 17 ქულა.

***

მილანის "არმანისთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ "ვირტუსის" გულშემატკივარი "პორტო სან ელპიდიოს" ტურნირზეც წარმატებულ გამოსვლას ელოდა, თუმცა ამაოდ. ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელებმა ნახევარფინალში "მონტეგრანაროსთან" 62:78 დათმეს, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრა "პესაროსთან" წააგეს - 77:90.

პირველ მატჩში სანიკიძემ ვირტუსელებს 8 ქულა შემატა, "პესაროსთან" კი 2 ქულას დასჯერდა.

***

იტალიის მეორე ეშელონმა, "ლეგადუემ" გასულ უქმეებზე დაიწყო. სადებიუტო მატჩში ნიკა მეტრეველის "რიმინი" "პისტოიას" ეწვია და 4 ქულის სხვაობით დამარცხდა - 57:61.

არადა, მატჩის საწყისი 30 წუთის განმავლობაში თამაშს რიმინელები აკონტროლებდნენ და მასპინძლებს 5-ზე მეტი ქულით მიახლოვების უფლებას არ აძლევდნენ. მეოთხე პერიოდში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და "პისტოიამ" არათუ დაწევა მოახერხა, ბოლო წუთებზე სტუმრებს გადაასწრო კიდეც.

ნიკა მეტრეველმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 17 წუთი ითამაშა, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი) და 1 მოხსნა მიითვალა. ცხადია, თავად მეტრეველის სურვილიც იყო, დებიუტში უკეთესი სტატისტიკა ჰქონოდა, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რაზეც იტალიური გამოცემები ამახვილებენ ყურადღებას: ახალგაზრდა ქართველს გამოცდილი გრეგორ ფუჩკას წინააღმდეგ უწევდა თამაში...

"ლეგადუეს" ოფიციალურ საიტზე მეტრეველის გარჯა 6 ბალით შეაფასეს: "ამ შეხვედრაში ქართველისგან მეტს ვერ მოვითხოვდით. იგი დებიუტანტი იყო და ფუჩკას წინააღმდეგ უწევდა თამაში. საერთო ჯამში მეტრეველს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია."
"რიმინი" მეორე ტურის მატჩს 10 ოქტომბერს ჩაატარებს, "ფერარას" უმასპინძლებს. ამავე დღეს იტალიის სუპერთასისთვის სანიკიძის "ვირტუსი" და "მონტეპასკი" ითამაშებენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული