გიორგი შერმადინი პანათინაიკოსს ტოვებს

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გიორგი შერმადინის მოსკოვური ტურნეს შესახებ მოგითხრეთ. გაცნობეთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა იგი მოედანზე არ გაიყვანა. იქვე ვაპირებდი დაწერას, რომ ამ სეზონში "პანათინაიკოსში" დარჩენის შემთხვევაში გიორგის სათამაშო დრო საკმარისი არ ექნება და კარგი იქნებოდა, შედარებით მოკრძალებული მიზნების მქონე გუნდში გადასულიყო...

გუშინ მხოლოდ მატჩებზე დავწერე და გადახვევებისგან თავი შევიკავე. ვიფიქრე, ამის შესახებ ცალკე სტატიას უახლოეს დღეებში მოვამზადებ-მეთქი. საბედნიეროდ, შერმადინის სამომავლო ამბების შესახებ მეორე დღესვე მომიხდა წერა - იგი კარიერის გაგრძელებას სლოვენიის "ოლიმპიაში" აპირებს, რომელშიც სხვადასხვა
დროს თამაშობდნენ ვლადიმერ სტეფანია, ვლადიმერ ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი. სხვათა შორის, ბოისა ტრავმის მოშუშების შემდეგ (დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში) სწორედ ლიუბლიანელთა გუნდში გააგრძელებს კარიერას.

გიორგი შერმადინის "ოლიმპიაში" შესაძლო გადასვლის ამბავი რომ შევიტყვე, მის ძმას, სოსოს დავუკავშირდი, რომელიც შსს-ს გუნდის წევრია...

- გიორგის "ოლიმპიაში" კარიერის გაგრძელების საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. თუ იგი სლოვენიაში გადავიდა, სათამაშო დრო საკმარისად ექნება, - გვითხრა სოსომ.

ამ ტრანსფერის განხორციელება ოლიმპიელებს სურთ, რადგან მათ ლეგიონერების ლიმიტი შესავსები აქვთ, წინა ხაზი - გასაძლიერებელი. სეზონის წინ "ოლიმპიაში" ხორვატი მეფარე დამირ მარკოტა და ამერიკელი კევინ პინკნი გადავიდნენ, თუმცა ისინი უფრო მძიმე ფორვარდები არიან, ვიდრე ცენტრები. სწორედ ამიტომ, სლოვენიური კლუბის ტექნიკურ დირექტორ იური ზნტოვსს იმედი აქვს, რომ შერმადინი ლიუბლიანაში 9 ოქტომბრამდე გადავა. სწორედ ამ დღეს "ოლიმპია" სეზონს "იგოკეასთან" მატჩით გახსნის (ადრიატიკის ლიგაზე).

როგორც ყოველთვის, სლოვენიური კლუბი წლეულსაც ევროლიგაზე ითამაშებს. საინტერესოა, რომ 2010-11 წლების სეზონში "პანათინაიკოსი" და "ოლიმპია" ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

რაც შეეხება კონტრაქტს, ჩვენი გაზეთის მკითხველს მოეხსენება, რომ შერმადინი ხელშეკრულებით "პანათინაიკოსს" ეკუთვნის. ნაკლებად სავარაუდოა, "ოლიმპიას" ქართველის გამოსასყიდი ფული აღმოაჩნდეს. ამიტომ იგეგმება "ოლიმპიაში" ერთწლიანი იჯარით გადასვლა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული