ასპროცენტიანი ცინცაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ "ტარტუ როკში" გადასვლის წინ თქვა - ესტონეთში იმიტომ მივდივარ, რომ ძველი ფორმა დავიბრუნოო. ბალტიის ლიგაზე ჯერ მხოლოდ ორი ტურია ჩატარებული და "ტარტუს" გულშემატკივარს ძველი ცინცაძე უკვე დაუბრუნდა. ის ლატვიურ "ვალმეირასთან" მატჩში თანაგუნდელებს კარგად გაუძღვა და 86:66 მოაგებინა.
ცინცაძის მონაგარი ასეთი იყო - 23 წუთი, 14 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა. გიორგიმ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა 1 ორქულიანი, 2 სამიანი და 6 საჯარიმოდან ერთიც არ აუცილებია. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ის "როკში" მეორე იყო (18),
მხოლოდ ვაალო აალინგუს ჩამორჩა (21).
ცინცაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, პირველ 5 წუთში 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ზედაც ორი პასი, ერთი ჩაჭრა მიაყოლა და 15:8... საწყისი პერიოდი ესტონელებმა 19:13 მოიგეს.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა ყველაზე დიდ უპირატესობას ცინცაძის საჯარიმოების შემდეგ მე-19 წუთზე მიაღწიეს - 40:28.
დიდი შესვენების მერე ლატვიელებმა სიტუაცია გამოასწორეს და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (49:53), თუმცა მეოთხე პერიოდის დაწყებასთან ერთად გამოცდილმა ესტონელმა იანარ ტალტსმა ორი 3-ქულიანი გამოიყენა და "ვალმეირაც" გატყდა. ცინცაძემ მეორე 3-ქულიანი სირენამდე 3:44 წუთით ადრე ჩააგდო და თანაგუნდელთა 17-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა (74:57), საფინალო ანგარიში უკვე მოგახსენეთ - 86:66.
ბალტიის ლიგაზე "როკისთვის" ეს პირველი გამარჯვება იყო. გემახსოვრებათ, ესტონელებმა პირველ ტურში შვედეთში "დელფინებთან" ოვერტაიმში რომ წააგეს. მესამე ტურის მატჩს "როკერები" 14 ოქტომბერს შინ ჩაატარებენ. მათი მეტოქე ლიტვის "ნევეჟისი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული