აი, რას წერს ინტერნეტ-გამოცემა "რტვ სლოვენია":
"ლიუბლიანის "ოლიმპიაში" 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ითამაშებს. იგი სლოვენიაში "პანათინაიკოსიდან" გადმოდის. "ოლიმპიას" წარმომადგენლები ტრანსფერის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, თუმცა ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება იჯარის ვადასთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, შერმადინი სლოვენიურ გუნდში ერთ სეზონს განათხოვრების წესით ითამაშებს.
ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველს ხშირად ადარებენ პაუ გასოლს. გიორგი დაცვაში "ტყვიაგაუმტარია",
ბერძნული საიტები კი იუწყებიან, რომ გუშინ "პანათინაიკოსის" ვარჯიშზე აღარ გამოჩენილა შერმადინი, რომელიც სლოვენიაში წასასვლელად ჩანთებს ალაგებს. იგი ლიუბლიანაში ოთხშაბათს ჩავა და დღეს-ხვალ გადაწყდება, რამდენ სეზონს გაატარებს ოლიმპიელთა რიგებში.
გამოცემა "სენტრაგოალში" შერმადინის "პანათინაიკოსიდან" წასვლის მიზეზებია დასახელებული:
"ქართველი ცენტრი "პანათინაიკოსში" 2008 წელს გადავიდა. მას პირველ სეზონში ძალიან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. მომდევნოში (2009-10) ევროლიგაზე 12 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 9 წუთში 4.5 ქულას და 2.2 მოხსნას აგროვებდა. 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში "პანათინაიკოსი" დატოვა ნიკოლა პეკოვიჩმა. მის ნაცვლად გუნდში გამოჩნდნენ მარიჩი და ვუგიუკასი. მათ გარდა გუნდში კიდევ ორი მეფარეა: ბატისტი და ცარცარისი. ასე რომ, ახალი სეზონის წინ გუნდში სერიოზული კონკურენცია შეიქმნა. სექტემბრის საკონტროლო მატჩებში გიორგი შერმადინს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ქართველი სხვა გუნდში გადასვლაზე დაფიქრდა და ეს მთავარ მწვრთნელ ჟელკო ობრადოვიჩსაც შეატყობინა. "პანათინაიკოსის" თავკაცი არ აჩქარდა, მან შერმადინი მოსკოვში, ალექსანდრ გომელსკის მემორიალზე წაიყვანა და "ჟალგირისთან" მატჩში სასტარტო ხუთეულშიც დააყენა. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ ობრადოვიჩმა რუსული ტურნირი გააანალიზა, დარწმუნდა, რომ ახალ სეზონში გამოცდილი კალათბურთელები უფრო სჭირდება და შერმადინის გაშვება გადაწყვიტა.
თავის მხრივ, ქართველი ცენტრი "ოლიმპიაში" საკმარისად ითამაშებს და გამოცდილებასაც მიიღებს."
გიორგისთან დაკავშირებული სიახლე რომ შეიტყო, ვლადიმერ სტეფანიამ გვითხრა:
- შერმადინის "ოლიმპიაში" გადასვლას მივესალმები. ეს ის გუნდია, სადაც კალათბურთელის პროგრესზე ზრუნავენ. იგი 16 წლის იყო, როცა პირველად გავიცანი. თავიდან ბევრს ლაპარაკობდნენ გიორგის უცხოეთში გაშვებაზე, თუმცა მეც ვურჩიე, საქართველოში დარჩენილიყო, ცოტა მოღონიერებულიყო და საზღვარგარეთ შემდეგ წასულიყო. ასეც მოიქცა და საბოლოოდ "პანათინაიკოსში" აღმოჩნდა. მისი ნიჭი მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა შენიშნა. ჩემი აზრით, შერმადინს ისეთივე მონაცემები აქვს, როგორიც ნიკოლა ვუიჩიჩს. ახლა მთავარია, როგორ გააგრძელებს მუშაობას და რამდენად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.