20 წლის ქართველი კალათბურთელი ბრუკლინელებმა დრაფტის საღამოს "ფილადელფიისგან" შეიმატეს და საზაფხულო ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ შენგელიას კონტრაქტი გაუფორმეს.
მას მერე თორნიკემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევროშესარჩევ ტურნირში ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ამერიკაში გამგზავრების წინ თორნიკეს დავუკავშირდით...
- ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი ჰოლანდიასთან ტრავმის გამო გამოტოვე. ახლა როგორი სიტუაციაა?
- კუნთი მქონდა დაჭიმული და ჰოლანდიასთან შეხვედრაც ამის გამო გამოვტოვე. დასვენებამ დადებითად იმოქმედა, ფეხი აღარ მაწუხებს.
- არა, ვისვენებ. ძალიან დატვირთული სეზონი მქონდა, თან საკმაოდ მძიმე ტრავმა გადავიტანე და არ მინდა, ფეხი კიდევ უფრო დავტვირთო.
რამდენიმე დღეში ამერიკაში მივდივარ და მსურს, ახალ კლუბში ჯანმრთელად, დასვენებული ჩავიდე. ნაკრების მატჩების დასრულების შემდეგ აღარ მივარჯიშია და დასვენება ძალიან წამადგა.
- ამერიკაში როდის მიემგზავრები?
- ვიზას ველოდები, რომელსაც 3-4 დღეში მივიღებ და ამერიკაშიც წავალ.
- "ბრუკლინიდან" თუ გეხმიანებიან?
- კლუბის ოფისიდან პერიოდულად მირეკავენ. "ბრუკლინში" ინფორმირებულები არიან ჩემი გრაფიკის თაობაზე და ელიან, როდის ჩავალ.
- ბრუკლინში საყოფაცხოვრებო პირობები მოგვარებული გაქვს?
- არა და ადრიანად ჩასვლაც ამიტომ მინდა. უნდა ვიშოვო ბინა, მანქანა და მოვაგვარო სხვა საყოფაცხოვრებო პირობები. "ბრუკლინი" ვარჯიშს 1 ოქტომბერს იწყებს და მანამდე სხვა საკითხების მოსაგვარებლად რამდენიმე დღე მექნება.
- 1 ოქტომბერს "ბრუკლინი" სრული შემადგენლობით იკრიბება?
- დიახ, გუნდში ყველა კალათბურთელი უნდა გამოცხადდეს. სეზონი ოქტომბრის ბოლოს იწყება, მანამდე კი რამდენიმე საგამოფენო მატჩი უნდა ჩავატაროთ.
- "ბრუკლინ ნეთსს" 16 კონტრაქტიანი კალათბურთელი ჰყავს, რამდენიმეც ისე ვარჯიშობს. ამხელა კონკურენციის დასაძლევად მზად ხარ?
- კონკურენცია ნამდვილად დიდია. ყველაფერი იქ გაირკვევა, რომ ჩავალ და გუნდთან ერთად ვივარჯიშებ.
- "ბრუკლინში" შენი ერთ-ერთი კონკურენტი ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩია, რომლის წინააღმდეგაც ევროშესარჩევ ტურნირში ორჯერ ითამაშე...
- ტელეტოვიჩი გამოცდილი, მაღალი დონის კალათბურთელია. მის წინააღმდეგ რაც შემეძლო, გავაკეთე როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ის უფრო კარგი მსროლელია, ვიდრე ფარქვეშ ძალისმიერად მოთამაშე.
ვნახოთ, ყველაფერს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ტელეტოვიჩის გარდა, "ბრუკლინში" არაერთი კარგი ფორვარდია.
- შენი კარიერის მანძილზე სულ პროგრესირებ. როგორ ფიქრობ, ეს პროცესი ნბა-შიც გაგრძელდება?
- საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. მჯერა, რომ შრომით და თავდადებით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. აქამდე არაფერი დამიშურებია და ახლა უფრო მეტად მოტივირებული ვარ, რადგან იქ მოვხვდი, სადაც მოხვედრაზე მსოფლიოს ნებისმიერი კალათბურთელი ოცნებობს.
იმედი მაქვს, მოედანზე გასვლის შანსი მომეცემა და ვეცდები, მინიმალური დრო მაქსიმალურად გამოვიყენო.
- გუნდის ვებ-გვერდზე შენს გასწვრივ 20 ნომერი წერია...
- დიახ, 20 ნომერი ვიქნები. თავდაპირველად სხვა ნომრები ავირჩიე, მაგრამ ყველა დაკავებული იყო. ბოლოს 20 ნომერზე შევჩერდი, რომლითაც ბელგიურ "შარლერუაში" ვთამაშობდი.
იმედი მაქვს, ეს ნომერი ჩემთვის ამერიკაშიც იღბლიანი იქნება.
gbf.ge