გუშინ გაუწყეთ, რომ სამშაბათის ვარჯიშზე შერმადინი პანათინაიკოსელ თანაგუნდელებს გამოემშვიდობა. ოთხშაბათს იგი სლოვენიაში ჩავიდა და საღამოს "ოლიმპიას" ვარჯიშზე გამოჩნდა. 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრზე დიდ იმედებს ამყარებს ოლიმპიელთა თავკაცი იურე ზვოდჩი. ეს მისი ნათქვამიდანაც ჩანს:
- ჩვენი ახალგაზრდა ცენტრისგან ბევრს ველით. "პანათინაიკოსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შერმადინი
ქართველი მეფარე "ოლიმპიასთან" ერთად ადრიატიკის ლიგაზე "იგოკეასთან" მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება. 20 ოქტომბერს კი "ოლიმპია" ევროლიგაში ჩაერთვება - "ეფეს პილსენს" დაუპირისპირდება.
სლოვენიელმა ჟურნალისტებმა ახალწვეულის შესახებ აზრის გამოთქმა ვლადიმერ ბოისას სთხოვეს.
- მისი აყვანა "ოლიმპიასთვის" დიდი პლუსი იქნება. ტანმაღალი ცენტრი ძალიან გვჭირდება. შერმადინი მაღალია, კარგი ნახტომი აქვს, მშრომელი ახალგაზრდაა. მოკლედ, მისი თამაშის ხარისხი ეჭვს არ იწვევს. "ოლიმპიაში" აქამდე სამ ქართველს გვითამაშია: მე, ვლადიმერ სტეფანიას და მანუჩარ მარკოიშვილს. ვფიქრობ, გუნდს ყველა კარგად დაეხმარა. მჯერა, რომ გიორგი შერმადინი "ოლიმპიაში" მოთამაშე საუკეთესო ქართველი იქნება.
შერმადინი პაუ გასოლს პირველად ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა შეადარა. ბოლო დროს ეს შედარება სლოვენიელებმაც აიტაცეს და ბოისასაც პარალელის გავლება სთხოვეს. აი, რა უპასუხა გამოცდილმა ქართველმა ფორვარდმა:
- გიორგი კარგი კალათბურთელია, ნიჭიერია... მას ვლადიმერ სტეფანიას შევადარებდი. ვოვაც ცენტრია და ახალგაზრდულ ასაკში ლიუბლიანის "ოლიმპიაში" თამაშობდა. შერმადინი სწრაფია, დაყენებული სროლა აქვს, შეტევაში მასზე დაყრდნობა შეიძლება. გიორგის ცენტრისთვის საჭირო ყველა მონაცემი აქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამ შესაძლებლობების კალათბურთელმა მომავალში NBA-ში ითამაშოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"