ბექა ბურჯანაძე: ესპანეთში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მავარჯიშებს

AutoSharing Option
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში საქართველოს 1 წარგზავნილი ჰყავს: 18 წლის ბექა ბურჯანაძე, რომელმაც გასულ ზაფხულში 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა.

ბურჯანაძე სევილიის "კახასოლში" უკვე რამდენიმე წელია, თამაშობს, თუმცა აქამდე, ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა, გასულ აგვისტოში კი სევილიელებთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და მხოლოდ ძირითად გუნდში ითამაშებს. ბექას ესპანეთში შევეხმიანეთ და იქაური ამბები გამოვკითხეთ...

- გილოცავ პრიმერადივიზიონში დებიუტს. პირველივე ტურში მოგიწია მოედანზე გასვლა...
- მართალია, მხოლოდ 5 წუთი მომიწია თამაში, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. მწვრთნელი მენდო და მოედანზე გამიყვანა,
რაც ჩემთვის დიდი სტიმულია.

ვეცდები, მისი ნდობა გავამართლო და გუნდს დახმარება გავუწიო. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუკი თავს გამოვიჩენ, სათამაშო დროც გამეზრდება.

- 5 წუთში 1 სამქულიანი ჩააგდე. ალბათ, მსუბუქი ფორვარდის ნაცვლად შეგიყვანა მწვრთნელმა მოედანზე...
- დიახ, მოედანზე ბრაიან ასბარის ნაცვლად შევედი, რომელიც მსუბუქი ფორვარდია, თუმცა სამიანების სროლა მაშინაც მიწევს, როცა მძიმე ფორვარდად ვთამაშობ.

- შენთვის გამოკვეთილი პოზიცია რომელია?
- ვარჯიშებზე უფრო ხშირად მძიმე ფორვარდად მიწევს თამაში, თუმცა მწვრთნელი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზეც მამწესებს.

ჩემთვის ორივე ადგილზე თამაში კომფორტულია. სამქულიანების სროლა ისედაც მიყვარს, ფარქვეშ ძალისმიერ ორთაბრძოლებში ჩაბმასაც არ ვერიდები.

- აქამდე, ძირითადად, "კახასოლის" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდი. ახლაც მოგიწევს?
- არა, ახლა მხოლოდ დიდ გუნდში ვარ დაკავებული. კლუბთან სამწლიანი, პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე.

- გასულ წლებშიც ხომ გიწევდა ძირითად გუნდში თამაში?
- კი, მაგრამ ძალიან იშვიათად. მაშინ უფრო ვარჯიშით ვიყავი დაკავებული და სულ რამდენიმეჯერ მომიწია "კახასოლის" მაისურით მოედანზე გასვლა.

- "კახასოლმა" პირველ ტურში შინ "მურსიასთან" წააგო. რა არის ამ სეზონში თქვენი გუნდის მიზანი?
- პირველი მატჩი იყო და, ალბათ, ამის ბრალია, რომ დავმარცხდით. "კახასოლს" მთელ პრიმერადივიზიონში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. კიდევ უფრო შევთამაშდებით და მჯერა, რომ სეზონს ღირსეულად ჩავატარებთ.

- გასულ ზაფხულში საქართველოს 2 ასაკობრივ ნაკრებში ითამაშე...
- 20-წლამდელებში თამაშით უდიდესი გამოცდილება მივიღე. ძალიან მიხარია, რომ 18-წლამდელებთან ერთად უფროსი ასაკის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც მომეცა.

A და B დივიზიონებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ელიტურ დივიზიონში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც ჩემი პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20-წლამდელთაგან 5 კალათბურთელი გამოიძახეს. ხომ არ თვლი, რომ გამოძახებას შენც იმსახურებ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. შესაძლოა, ჯერ არ ვარ მზად, მაგრამ მთელი სეზონი წინ მაქვს. ესპანეთში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მავარჯიშებს და იმედი მაქვს, როგორც კალათბურთელი, კიდევ უფრო დავიხვეწები.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა და მასში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექა, იმედია თავს გამოიჩენ და მერე ნაკრებსაც გამოადგები, შენი იმედი გვაქვს. იმედია ნაკრებში სანიკიძეს კარგად დაეხმარება მსუბუქი ფორვარდის პოზიოციაზე
levani
13:45 05-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული