ვიქტორ სანიკიძემ "სან ანტონიოსთან" 7 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა

AutoSharing Option
31 წუთში მოგროვებული 7 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება - ესაა ვიქტორ სანიკიძის შედეგი, რომელიც იტალირი "სიენას" ქართველმა ფორვარდმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდ "სან ანტონიოს" წინააღმდეგ აჩვენა.

მატჩში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტიმ დანკანი, დეჟან ბლერი, სტივენ ჯეკსონი და სხვა ვარსკვლავნი, სანიკიძემ ყველაზე მეტი მოხსნა მოაგროვა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სან ანტონიო" და მისი ლიდერები ამ შეხვედრას როგორც მოთელვას, ისე უყურებდნენ.

ეს ჩანს იქიდან, რომ ტეხასურმა გუნდმა შეხვედრაში 18 კალათბურთელით ითამაშა, ხოლო მე-19 ტიაგო სპლიტერმა მოედანზე გასვლა ზურგის
ტრავმის გამო ვერ შეძლო.

ქართველმა ფორვარდმა, როემლიც სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი, 31 წუთი ითამაშა. 7 ორქულიანიდან სანიკიძემ 2 ჩააგდო, ხოლო 3 სამიანიდან "სფურსის" კალათში 1 მოათავსა.

სიენელთაგან საუკეთესო შედეგი ბობი ბრაუნმა (20 ქულა) აჩვენა, ბენჟამინ ეზეს ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

სანანტონიოელთაგან 22 წუთზე მეტი (კაუვი ლეონარდი) არავის უთამაშია. ტიმ დანკანმა 15 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო საუკეთესო შედეგი მანუ ჯინობილიმ და გარი ნილმა დააფიქსირეს: 11-11 ქულა.

მატჩი მასპინძელმა "სფურსმა" დიდი ანგარიშით - 106:77 მოიგო. ამერიკულ ტურნეში მყოფი "სიენა" მომდევნო მატჩს კლივლენდში "კავალერზსთან" 9 ოქტომბერს გამართავს.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული