ცინცაძე ბულგარელებს და პორტუგალიელებს ვერ ასცდა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი" სამ ტურნირში თამაშობს - ბალტიის ლიგაში, ევროჩელენჯზე და ესტონეთის ჩემპიონატში. დღეს ორ შეჯიბრებაზე ვთქვათ, ესტონეთის პირველობასა და ევროჩელენჯზე.

შიდა ჩემპიონატი "როკერებმა" "ტავრასთან" რაკვერეში გასვლითი მატჩით დაიწყეს. ესტონეთის პირველობაზე "კალევისა" და "როკის" მატჩებში (ერთმანეთთან თამაში არ იგულისხმება) სტუმარ-მასპინძლის ფაქტორი არ მოქმედებს - შინ თუ გარეთ ტარტუელები და კალეველები იმარჯვებენ. ტრადიცია არც რაკვერეში დარღვეულა - საფინალო სირენამ სამი რვიანი და "როკის" მოგება დააფიქსირა - 88:81.

არტუელთა მე-8 ნომერმა, გიორგი ცინცაძემ 18 წუთი ითამაშა (სასტარტოში რომ იყო, ამის შეხსენება არ დაგჭირდებათ), 4-4 ქულა-მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სტუმრებმა პირველი პერიოდი 2 ქულით მოიგეს, მეორე – 7-ით, მესამე - 3-ით და გადამწყვეტი რაუნდის წინ 12 ქულიანი ფორა დაიბევეს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე - მატჩის ბოლოს რაკვერელებმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს (76:78), მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს.

მატჩის ბომბარდირი ტარტუელი რაინ ვეიდმანი გახდა - 22 ქულა ჩააგდო.

ესტონეთის ჩემპიონატში ცინცაძის თანაგუნდელებს 9 ოქტომბერს საპასუხისმგებლო მატჩი ელით - "კალევს" ტალინში ესტუმრებიან, 11-ში "ვალგას" მიიღებენ.

ევროჩელენჯის მატჩები კი 16 ნოემბერს დაიწყება. უფრო სწორად, ამ დღეს "ტარტუ როკი" ჯგუფურ ეტაპში ჩაერთვება, თორემ ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო შეხვედრები ახლაც მიმდინარეობს. 6 ოქტომბერს ევროთასის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა - გამარჯვებულები ევროთასზე მოხვდნენ, დამარცხებულები - ევროჩელენჯზე. შესაბამისად, სრულად დაკომპლექტდა ჩ ჯგუფი, რომელშიც "როკი" ითამაშებს. ცინცაძეს აგვისტოში გაცნობილ ბულგარელებთან და პორტუგალიელებთან მოუწევს დაპირისპირება - ჩ ჯგუფში მოხვდნენ ლისაბონის "ბენფიკა", სოფიის "აკადემიკი" და შვეიცარიული "ლუგანო". "აკადემიკოსთა" განაცხადში ბულგარეთის ნაკრების ერთი კალათბურთელია - ბოჟიდარ ავრამოვი, რომელიც ერთი წლის წინათ თორნიკე შენგელიასთან ერთად "ვალენსიაში" ასპარეზობდა. სოფიელებს ამერიკელების გარდა ლატვიელი ცენტრი კასპარს კამბალაც ჰყავთ. "ბენფიკას" რიგებში პორტუგალიის ნაკრების სამი მოთამაშეა: ჰეშიმუ ევანსი, მიგელ მინავა და ფრანსისკო ჯორდაო.

"ტარტუ როკი" პირველ მატჩს შვეიცარიელებთან ჩაატარებს, შემდეგს _ "აკადემიკთან"... თუმცა, სჯობს, "როკის" კალენდარი სრულად შემოგთავაზოთ. მანამდე გეტყვით, რომ ევროჩელენჯის წლევანდელ გათამაშებაში 32 გუნდი 8 ჯგუფადაა გაყოფილი. თითო ქვეჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა. მომდევნო ეტაპზე 16 კლუბი ოთხ ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც ორ-ორი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს...

ჩ ჯგუფის
16 ნოემბერი
ლუგანო-როკი
23 ნოემბერი
როკი-აკადემიკი
30 ნოემბერი
ბენფიკა-როკი
7 დეკემბერი
როკი-ლუგანო
14 დეკემბერი
აკადემიკი-როკი
21 დეკემბერი
როკი-ბენფიკა





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული