საინტერესოა, რა ფუნქციას დააკისრებს ახალი თავკაცი ქართველ ცენტრს. ატლანტელი ჟურნალისტები, რომლებიც "ჰოქსის" პირველ ვარჯიშს დაესწრნენ, ამბობენ, რომ წინა სეზონთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. სწორედ "ატლანტას" სათამაშო სისტემაში შეტანილ ცვლილებებს მიეძღვნა სტატია AP-ში, რომლის ავტორიც ჩარლზ ოდუმი გახლავთ.
"პირველივე ვარჯიშის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ "ატლანტა" ახალ სეზონში განსხვავებული გუნდი იქნება, გაცილებით სწრაფი და მოძრავი. მწვრთნელი ლარი დრიუ ყოველი ვარჯიშის ბოლოს შეგირდებს სისწრაფეში ავარჯიშებს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ასეთი ტესტი მესამე ადგილზე დაასრულა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. იგი სისწრაფეში მხოლოდ ჯო ჯონსონს (5:30 წუთი) და ჯოშ სმიტს (6 წუთი) ჩამორჩა. ქართველ ცენტრს 6:07 წუთი დასჭირდა.
ფაჩულია აცხადებს: "ჰოქსში" ექვსი წელია, ვთამაშობ და ასეთ მაღალ ტემპში აქამდე არ მივარჯიშია. ლარი დრიუს განსხვავებული სტილი აქვს..."
ზაზა მხოლოდ შეტევის სისწრაფის მატებას როდი გულისხმობს. ახალი მწვრთნელის ხელში "ატლანტა" უფრო მობილური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იერიშებში ყველა კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეიძლება გაიკვირვოთ, ნუთუ ხუთევე მოთამაშემ არ უნდა მიიღოს მონაწილეობაო? აქამდე "ატლანტაში" ასე არ იყო: პირველ რიგში ჯო ჯონსონი ისროდა. თუ ჯოს სროლის საშუალებას არ მისცემდნენ, ჯოშ სმიტს უნდა ესროლა... ორი წლის წინათ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო - ჯონსონი იმაზე მეტს სტყორცნიდა, ვიდრე დანარჩენი 11 კალათბურთელი ერთად. ეს მაიკ ვუდსონის მწვრთნელობისას ხდებოდა. ლარი დრიუ კი სხვა სტრატეგიით შეუტევს:
- ვარჯიშებისას ბურთს მოედნის ერთი კიდიდან მეორისკენ ვათამაშებთ. კალათბურთელებიც სწრაფად გადავადგილდებით. შეტევაში ყველა ვმონაწილეობთ. შარშან ასე არ იყო - ვიდექით და შევყურებდით, ერთი მოთამაშე როდის ისროდა, - ამბობს ზაზა ფაჩულია და დასძენს:
- ფიზიკურად ძლიერები ვართ და მაღალ ტემპში თამაშს ბოლომდე გავუძლებთ. სწრაფი თამაში ჩვენი პლუსია. ამასთან, როცა კალათბურთელი ხედავს, რომ შეტევისას მისი როლი იზრდება, მოტივაცია ემატება, რაც შედეგზე დადებითად მოქმედებს.
ის ერთი კალათბურთელი, რომელსაც ატლანტელები შეტევისას შეჰყურებდნენ, ჯო ჯონსონი იყო. იგი ახალი მწვრთნელის ინიციატივას გაგებით ეკიდება:
- მესმის, რაც უფრო გუნდურად თამაშობ, მით მეტია წარმატების მიღწევის შანსი. მჭიდრო მეურვეობის შემთხვევაშიც შემიძლია ბურთის ჩაგდება, მაგრამ ახალ სეზონში ფუნქციები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდება და ჩემი ტყორცნების საერთო რაოდენობა ცოტა მოიკლებს. თუმცა ამაზე არ ვნაღვლობ, მთავარია გუნდური გამარჯვება.
ლარი დრიუს ხელმძღვანელობით "ატლანტა" პირველ საგამოფენო მატჩს დღეს "მემფისთან" ითამაშებს. გულშემატკივარი სწორედ ამ შეხვედრაში იხილავს "ჰოქსის" მოდერნიზებულ შეტევას, რომელშიც ზაზა ფაჩულიას მეტი დატვირთვა ექნება.