ვიქტორ სანიკიძე: გრეგ პოპოვიჩი ჩემი თამაშით დაინტერესებულია

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ამერიკული ტურნე "კლივლენდთან" თამაშით დაასრულა. იტალიელები 85:91 დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი ტაიმი სულაც სანიკიძის თანაგუნდელთა გამარჯვებით დასრულდა - 36:33.

სტუმართა მხრიდან თავი გამოიჩინეს ჯენინგმა და ბრაუნმა. პირველმა 21 ქულა ჩააგდო, მეორემ - 22. სანიკიძემ 23 წუთი ითამაშა და 3-3 ქულა-მოხსნას თითო ჩაჭრა-დაფარება მიამატა.

კლივლენდიდან "მონტეპასკის" კალათბურთელები იტალიაში დაბრუნდნენ და 12 ოქტომბერს გასამართი საევროლიგო მატჩისთვის მოემზადებიან - სიენაში გერმანული "ალბა" ჩადის.

* * *

მკითხველს შევახსენებთ, რომ "მონტეპასკიმ" "კლივლენდამდე" "სან ანტონიოსთან" ითამაშა.
ტექსასში ყოფნისას სანიკიძეს ინტერვიუ ჩამოართვა გამოცემა "პროჯექტ სპურსის" კორესპონდენტმა ჯეფ გარსიამ. გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს.

"სანანტონიოელებმა სეზონის გახსნით მატჩში "მონტეპასკი" 106:77 დაამარცხეს. გულშემატკივარს საშუალება მიეცა, თვალი მიედევნებინა ვიქტორ სანიკიძისთვის, რომელიც 2004 წლის დრაფტზე "სპურსმა" "ატლანტასგან" აიყვანა.

მატჩის შემდეგ შევხვდით ქართველ თავდამსხმელს და საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

- "სან ანტონიოს" შესახებ რას ფიქრობთ?
- გუნდში არაერთი კალათბურთელი შეიცვალა, თუმცა ძირითადი ბირთვი იგივეა: ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი. ვიდრე ეს სამეული ითამაშებს, "სპურსი" ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ნებისმიერი მეტოქისთვის და ყოველთვის ჩაითვლება საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ფავორიტად.

- 2004 წლის დრაფტის შემდეგ დიდი დრო გავიდა. კვლავ ფიქრობთ "სან ანტონიოში" თამაშზე?
- ამ ზაფხულს კონტრაქტი გავაფორმე სიენას "მონტეპასკისთან", იტალიის საუკეთესო კლუბთან. კარიერაში პირველად მომიწევს ევროლიგაზე თამაში, რაც საინტერესო გამოწვევაა.

იმედი მაქვს, წარმატებული სეზონი გამოვა. გასულ სეზონში კარგი სტატისტიკა მქონდა. იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება წლეულსაც და "სან ანტონიოს" ხელმძღვანელობის ყურადღებასაც დავიმსახურებ.

- მატჩის შემდეგ "სპურსის" მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს თუ ელაპარაკეთ?
- თამაში რომ დასრულდა, მწვრთნელმა წარმატებები მისურვა. გრეგ პოპოვიჩთან მატჩის წინ ვისაუბრე.

დავინახე, რომ იგი თვალყურს ადევნებს ჩემს გამოსვლას, სტატისტიკას, მოკლედ, ყველაფერს... აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თამაშით დაინტერესებულია. ვეცდები, ახალ სეზონში შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო.

- პოპოვიჩმა რამე გირჩიათ?
- რა თქმა უნდა, მირჩია... ჩემი აგენტიც ამერიკაშია და მწვრთნელს ისიც ელაპარაკა. 2004 წლის დრაფტის შემდეგ დღემდე მაქვს ურთიერთობა სანანტონიოელებთან.

- ურთიერთშეხვედრისას "სპურსის" რომელმა კალათბურთელმა მოგხიბლათ?
- მანუ ჯინობილის თამაში ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ველოდი, რომ რთული იქნებოდა მის წინააღმდეგ თამაში. წარმოუდგენლად ძლიერი კალათბურთელია.

- "სან ანტონიომ" ფრანგი ნანდო დე კოლო აიყვანა. მის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?
- მას კარგად ვიცნობ. ამ ზაფხულსაც შთამბეჭდავად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, ამერიკაში თავის სიტყვას იტყვის."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული