თორნიკე შენგელიას წარმატებული დებიუტი NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
თორნიკე შენგელიას წარმატებული დებიუტი NBA-ში. მართალია, ეს არ იყო სეზონის ოფიციალური შეხვედრა, თუმცა სრული შემადგენლობის "ბრუკლინში" ქართველმა ფორვარდმა პირველად ითამაშა.

შენგელიას ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. 25 წუთსა და 46 წამში თორნიკემ 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა (იხილეთ ვიდეო).

ბრუკლინელთა მწვრთნელმა გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა. აივერი ჯონსონმა "ბოსტონს" სათადარიგოები დაუპირისპირა. არც ერთ ლიდერს არ უთამაშია - დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი, ჯერალდ უოლესი, კრის ჰამფრი და ბრუკ ლოპესი ისვენებდნენ. შენგელია სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, თუმცა მოედანზე
2 სასტარტო მოთამაშეზე - კეიტ ბოგანსსა და სი ჯეი უატსონზე მეტხანს იმყოფებოდა.

ქართველმა ფორვარდმა 9 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმოდან მხოლოდ 1 გამოიყენა.

შენგელიაზე ოდნავ ნაკლები ითამაშა ბოსნიელმა მირზა ტელეტოვიჩმა, რომელიც მატჩის მთავარი ფიგურა გახდა.

მირზამ 18 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მთავარი საქმე მან მატჩის ბოლო წამებზე გააკეთა: შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე ანგარიში საყაიმო (96:96) იყო და საჯარიმოს ხაზზე იდგა ბრუკლინელი სტეფან დენისი, რომელმაც ორივე სროლა ააცილა.

ფარიდან ასხლეტილი ბურთი ტელეტოვიჩმა მოიპოვა და ახლა მასზე დაჯარიმდნენ ბოსტონელები. ბოსნიელმა პირველი ტყორცნა ჩააგდო, მეორე კი ააცილა და "სელტიქსს" თამაშის გადასარჩენად 3,6 წამი დარჩა.

ამ მოკლე დროში ბოსტონელებმა ორჯერ სროლა მოასწრეს, თუმცა ვერც ერთი ჩააგდეს და გამარჯვება ბრუკლინელებს დარჩათ - 97:96.

მომდევნო საგამოფენო მატჩს ბრუკლინელები ზეგ, გამთენიისას, კვლავ "ბოსტონთან", ამჯერად შინაურ არენაზე გამართავენ.

ამავე დღეს უმასპინძლებს "ნიუ ორლეანსს" ზაზა ფაჩულიას "ატლანტა", რომელმაც 17 ოქტომბერს, გამთენიისას ინდიანაში ითამაშა.

ზედიზედ მეოთხე მატჩია, "ქორების" თავკაცი გუნდს განსხვავებული ხუთეულით ათამაშებს. ლარი დრიუმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ინდიანაში 98:102 წაგებულ შეხვედრაში მოედანზე არ გაიყვანა გუნდის ლიდერები - ჯოშ სმიტი და ალ ჰორფორდი.

სამაგიეროდ, ხუთეულში დააყენა გუნდის ახალწვეული ენტონი ტოლივერი, რომელმაც ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - 14 ქულა, 5 მოხსნა.

საწყისი 2 მატჩის ტრავმის გამო გამოტოვების შემდეგ ზედიზედ მეორედ სასტარტოში ითამაშა ზაზა ფაჩულიამ.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე თითქმის 30 წუთი დაჰყო და 6 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და მოედანი 6 პერსონალურის გამო დატოვა.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით ბომბარდირი პოლ ჯორჯი გახდა, საუკეთესო შედეგიანობა კი როი ჰიბერტმა გამოავლინა - 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 დაფარება.

NBA-ს სეზონის დაწყებამდე "ატლანტა" კიდევ 2 საგამოფენო მატჩს გამართავს - 20 ოქტომბერს "დალასს" უმასპინძლებს, 26-ში კი "დეტროიტს" სტუმრად გაეჯიბრება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული