გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" თელ ავივში მოულოდნელი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გუნდმა ისრაელის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. თელავიველებმა, რომლებიც ებრაულ კალათბურთში მარადმწვანე დომინანტები არიან, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რიშონის "მაქაბისთან" წააგეს, თან ისე, რომ წარმატების იოტისოდენა შანსიც არ ჰქონიათ.

რიშონელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 18 ქულის სხვაობით მოიგეს. მასპინძლებმა ვერც დარჩენილ დროში მოახერხეს თამაშის აწყობა და საბოლოოდ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე 17 ქულის სხვაობით - 64:81 დამარცხდნენ.

რიშონის "მაკაბი" 4 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია და ისრაელის ჩემპიონატს ლიდერობს. რიშონელებს ჰყავთ ნბა-ში ნათამაშები 2 კალათბურთელი - ჯულიან რაიტი და ვილი
უორენი, რომლებმაც თელავიველთა დამარცხებაში ლომის წილი დაიდეს. პირველმა 22 ქულა მოაგროვა, მეორემ - 14.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 9 წუთში კი 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ მას დაუფარეს, ორჯერ დაჯარიმდა და ორჯერაც თამაშის წესები მასზე დაირღვა.

საქართველოს ნაკრების წევრ ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" მე-4 ტურის მატჩს 29 ოქტომბერს ისრაელის ჩემპიონატში კიდევ ერთ წაუგებელ გუნდ "ნეთანიასთან" გამართავს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული